„ძალიან დიდი სახელმწიფო ქონების პატრონი ვართ, ერთ მოსახლეზე გადაყვანით მილიონერები ვართ მეტი თუ არა, რეალურად კი სიღარიბეში ვართ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ პრივატიზების პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში ბევრი გამოწვევაა, რასაც პრივატიზაციის არსებული პროცესი არ პასუხობს. ეკონომისტის თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში მთლიანი ეკონომიკური აქტივების დაახლოებით 70-80% არის გაჩერებული, რომელიც მთავრობის ბალანსზეა და გასაყიდად არ გამოაქვს.
როგორც მაკალათია განმარტავს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკური აქტივების მართვა სამართლიანი და ეკონომიკური ეფექტურობის ფაქტორების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
„ამ აქტივების განკერძოება უნდა მოხდეს, ორი პრინციპით: სამართლიანობა და ეკონომიკური ეფექტიანობა. ბოლშევიკებმა როდესაც სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინეს, მთლიან ქონება რაც მოქალაქეებს გვეკუთვნოდა სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანეს. რეალურად, ჩვენ ვართ ამ აქტივების მესაკუთრე და ჩვენ უნდა დაგვიბრუნდეს - ეს არის სამართლიანობის პრინციპი.
ეკონომიკური ეფექტურობა კი დროში სწრაფად უნდა მოხდეს. ამისთვის საჭიროა უფასო განკერძოება საქართველოს თითოეული მოქალაქეზე, რომ სწრაფად გადავიდეს აქტივები კერძო მფლობელობაში. კერძო საკუთრებაში გადასვლა ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორმა უნდა შექმნას ეკონომიკური დოვლათი, რადგან სახელმწიფო დოვლათს ვერ ქმნის. სახელმწიფო მხოლოდ კერძო სექტორის მიერ შექმნილი დოვლათის მომხმარებელი და გადამანაწილებელია. გადანაწილების დროს, ცხადია, არაეფექტიანად იქცევა, იმიტომ რომ სხვის ფულს (კერძო სექტორის) სხვა (სახელმწიფო) ხარჯავს სხვაზე. ეს არის ყველაზე არაეფექტური გადანაწილება,“ - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.