იმის ნაცვლად, რომ დღეს „ქართული ოცნება“ კორუფციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს ებრძოდეს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ებრძვის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაში არიან, რადგან მათ „ხალხთან მისასვლელი პირი არ აქვთ“.
„იმის ნაცვლად, რომ დღეს „ქართული ოცნება“ კორუფციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს ებრძოდეს. დღეს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ებრძვის და ვინ იქნებოდა მთავარი სამიზნე თუ არა ჩვენი კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. დღეს, ბიძინა ივანიშვილი არის სრულ აგონიაში, მათ ხალხთან მისასვლელი პირი არ აქვთ და მეორე მხარეს, ისინი ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ ხედავენ - ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში.
გუშინ, ჩვენ ვნახეთ სრულიად ცინიკური, გაუმართლებელი მეთოდებით, როგორ იდგნენ ე.წ. პოლიციელები ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან და როგორ ელოდებოდნენ მას. შემდეგ როგორ გაიტაცეს ის. დიახ, ეს გატაცება იყო. ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა იყო. სამი საათის განმავლობაში ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატმა მისი ადგილმდებარეობა არ იცოდა, მაგრამ ეს ალბათ, არავისთვის მოულოდნელი არ იყო, გუშინ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, როდესაც მან ფაქტობრივად, ოპოზიციის მიმართ ძალადობა, რეპრესიები დააანონსა. მათმა „ზონდერ ჯგუფებმა“ არ დააყოვნეს და სულ რამდენიმე საათში პრემიერის ანონსი ნიუსად და ფაქტად აქციეს.
მინდა, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მივმართო, ყველა თქვენი მცდელობა ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული არის ფუჭი. თქვენი დრო ძალიან მალე ამოიწურება. კერძოდ, 26 ოქტომბერს ამოიწურება და აუცილებლად ჩვენ ჩვენ ქვეყანას, როგორც კი დავიხსნით თქვენი კლანჭებიდან და დავაყენებთ ევროპულ გზაზე. დიახ, ჩვენი ქვეყანა კეთილდღეობას ევროპაში ირჩევს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.
როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.
„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.
მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.