ჩრდილოეთ შოტლანდიაში მიმდინარე გათხრების დროს, რომელსაც აბერდინის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა, არქეოლოგებმა ამ ტერიტორიის თავდაპირველი მცხოვრებლების - პიქტების უძველესი ბეჭედი აღმოაჩინეს. ნივთი სავარაუდოდ, სულ მცირე 1000 წლისაა.
პირველმა, ვინც ეს აღმოჩენა შენიშნა, იყო ადგილობრივი მოყვარული არქეოლოგი, პენსიონერი ჯონ რალფი, რომელიც ჯგუფს გათხრებში მოხალისედ ეხმარებოდა.
ისტორიკოსების ვარაუდით, ბურგჰედი - ადგილი, სადაც გათხრები მიმდინარეობს, რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში - დაახლოებით VI საუკუნის დასაწყისიდან მე -9 საუკუნის ბოლომდე იყო პიქტური სამეფოს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი.
უფრო ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან პიქტური კულტურა ცუდად არის შესწავლილი.
ყოფილი ინჟინერი და აბერდინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ასევე არქეოლოგიური ექსპედიციის გმირი, 68 წლის ჯონ რალფი ექსპედიციაზე მოხალისედ პენსიაზე გასვლის შემდეგ დარეგისტრირდა.
როგორც მან BBC-ს განუცხადა, მას არაერთხელ მოეჩვენა, რომ რაღაც საინტერესო იპოვა, თუმცა ექსპერტები ყურადღებას არ აქცევდნენ. ამიტომ, როდესაც გათხრების ბოლო დღეს მან კიდევ ერთხელ შეამჩნია საინტერესო ნივთი, განსაკუთრებული იმედი აღარ ჰქონდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი იყო.
„სულ ახლახან გავედი პენსიაზე და ვნახე რეკლამა მოხალისეებისთვის, რომლებიც ბურგჰედში გათხრებში უნდა დახმარებოდნენ არქეოლოგებს. მე მყავს და, რომელიც ცხოვრობს ბურგჰედში, ამიტომ ვფიქრობდი, რომ შეთავაზება საინტერესო იყო. გავიფიქრე: "რატომაც არა?”, - განმარტა მან.
ბეჭედი ამჟამად შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში ისტორიულ შემოწმებას გადის. მისი საბოლოო ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირადღირებული ნაკეთობაა.
წყარო: bbc.com