YouTube ზედამხედველობის ახალ ფუნქციას ჩაუშვებს, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ანგარიშები შვილების ანგარიშებთან დააკავშირონ და მათ აქტივობას დააკვირდნენ.
ინფორმაციას The Verge ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მშობლებს დაეხმარება, თავიანთი შვილების ონლაინ-აქტივობის შესახებ საქმის კურსში იყვნენ.
ანგარიშების მიბმა YouTube-ის ე.წ. ოჯახის ცენტრში არის შესაძლებელი. შედეგად მშობლები გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას, როგორიც არის გამომწერები, კომენტარები და მათი შვილების მიერ ატვირთული ვიდეოების რაოდენობა. ორივე დაკავშირებული ანგარიში, ასევე, მიიღებს შეტყობინებებს, მაგალითად, პლატფორმაზე ახალი ვიდეოს ატვირთვის ან პირდაპირი ტრანსლაციის დაწყების შესახებ.
YouTube ამას “პირველ იტერაციას” უწოდებს, რომელიც ბავშვების ანგარიშების მონიტორინგისთვის უკვე არსებულ ინსტრუმენტებს ეფუძნება და ავითარებს ახალ ფუნქციებს, რომლებიც მათ აქტივობას უფრო ღრმად შეისწავლის.
YouTube-ის განცხადებით, ეს ფუნქცია „ურთიერთკონტროლს“ უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია, ის ნებისმიერ დროს გამორთოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ