გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. შემოსულ კითხვებზე სამართლებრივ რჩევებს ამჯერად გვაძლევს როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებული ადვოკატი გიორგი ქათამაძე.
- ორი თვის წინ კრედიტით ბინა შევიძინე, გადახდას ვერ ვახერხებ, ამიტომ მსურს გავყიდო. რადგან არ არის გასული ორი წელი, მომიწევს თუ არა საშემოსავლოს გადახდა.
- თუკი ბინას გაყიდით იმავე ფასში, რა ფასშიც თქვენ შეიძინეთ, მაშინ არ დაიბეგრებით, ხოლო თუ უფრო მეტად გაყიდით, ასეთ შემთხვევაში ნამატი თანხის 5%-ის გადახდა მოგიწევთ.
- სახლის დაგირავების დროს აღმოჩნდა, რომ სახლი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. გვქონდა ძველი საბინაო წიგნი, რომლის საფუძველზეც დავარეგისტრირეთ სახლი და გავაკეთეთ გირავნობა. თუმცა საბინაო წიგნში არ იყო მინიშნებული სახლის გვერდით არსებული ჩვენი პატარა ბაღი, რომელსაც ვიყენებთ წლების განმავლობაში. ამ ბაღში გვაქვს მეზობელთან საზიარო კედელიც. ამჟამად გაფორმებას შევძლებთ და რა საბუთებია ამისთვის საჭირო?
- თუ საკითხი ეხება მრავალსართულიან კორპუსის ბინას, მაშინ გამოდის, ბაღი არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნებართვა, რომ ბაღი საკუთრებაში გადავიდეს. თუ საკითხი ეხება კერძო სახლს, მაშინ მიწის ნაკვეთი-ბაღის რეგისტრაცია უნდა მოხდეს სისტემური, ან სპორადული რეგისტრაციის გზით.
- პროცენტით მინდა ფულის გასესხება და რამდენად სარისკოა ეს, როგორ შეიძლება გარანტიები შევიქმნა?
- სესხის უზრუნველყოფის საშუალებებია: უძრავი ქონების იპოთეკა, თუმცა ფიზიკურმა პირმა შეიძლება იპოთეკით მის სასარგებლოდ დატვირთოს უძრავი ქონება მხოლოდ მისი საცხოვრებლად გამოყენების მიზნით; უზრუნველყოფის საშუალებაა მოძრავი ქონების გირავნობით დატვირთვაც.
აუქციონზე შეძენილი ქონების რისკების განსაზღვრა შეიძლება იმისდა მიხედვით გამოვყოთ, თუ ვინ მართავს აუქციონს. ძირითადად, რისკები პროცედურული ხასიათისაა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართული აუქციონი იშვიათად არის პროცედურული დარღვევებით ჩატარებული, ხოლო თუ აუქციონს კერძო სპეციალისტი მართავს, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ პროცედურული დარღვევებით იქნეს ჩატარებული. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს აუქციონის ან აუქციონზე მიღებული განკარგულების ბათილობა, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და ასეთ შემთხვევაში ქონება პირვანდელ მესაკუთრეს დაუბრუნდება. არსებობს რისკი, რომ გაყიდული ბინიდან ძველი მფლობელი არ გავიდეს, ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ სასამართლოსთვის მიმართვა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნის მოთხოვნით და ამ გზით ყოფილი მესაკუთრის გამოსახლებას.