საქართველოში ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა მზარდია, თუმცა პრობლემა კრედიტების სიძვირეა. სესხი კი ქვეყანაში ძვირია არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ კერძო პირისთვის, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკით და ინფლაციის მაჩვენებლით არის განპირობებული.
ფინანსისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა მკაცრი არაა, თუმცა არც ლოიალურია. მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, ხელი მიუწვდება თუ არა სესხზე მეწარმეს, არამედ, თუ როგორია ბაზარი და შეუძლია თუ არა ფულის ეფექტურად დაბანდება, გამოყენება და მისი შემდეგ ზრდა.
ცნობისათვის, საქართველოში ბიზნესისთვის სესხების საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 11%-მდეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2023 წლის ივლისში პროცენტი 11.41%-ს შეადგენდა, წელს 10.93%-მდეა.
თუ უფრო ჩავშლით, ამ დროისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ ბიზნეს-კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9.28%-ს შეადგენს, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 13.4%. ამავე სტატისტიკის მიხედვით, შინამეურნეობებზე გაცემულ ბიზნეს-სესხზე საპროცენტო განაკვეთი 12.33%-ს შეადგენს, იურიდიულ პირებზე კი 10.6%-ს.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 58% ბიზნეს სესხებზე მოდის. 2024 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემულია 57.142 მლრდ ლარის კრედიტი, აქედან 33.020 მლრდ ლარის ბიზნეს სესხია.
მიხეილ თოქმაზიშვილ ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა, ინფლაციის მაჩვენებლით განისაზღვრება. მისი თქმით, როდესაც ფასები იმატებს, საპროცენტო განაკვეთიც იზრდება. ამ მხრივ კი, მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესისთვის ზედმეტად მკაცრი პირობებია, თუმცა არც ლოიალურში ითვლება.
“საპროცენტო განაკვეთი ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა დონის არის ინფლაცია. როცა ინფლაცია მაღალია, საპროცენტო განაკვეთები იზრდება, რადგან ასეთ დროს, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეს ხდება ფასების და ინფლაციის შესამცირებლად. ამ ვითარებაში, იზღუდებიან მეწარმეები, რომ სესხები გამოიტანონ.
ამ მხრივ, კრედიტებისადმი ხელმისაწვდომობა ბევრად არის დამოკიდებული ფასებზე. ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ ბევრი ინვესტიცია, მეტი ხელმისაწვდომობა იყოს და კრედიტები აიღონ მეწარმეებმა, მაგრამ მას (ბიზნესს) გარკვეული ჩარჩოები აქვს, თუ ინფლაცია გაიზრდება ის შეიზღუდება, თუ პირიქით შემცირდება, გაეზრდება ხელმისაწვდომობა.
ყველაფერი მიდის იქით, რომ მიზნობრივი ინფლაცია დავიდეს ევროპულ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 2-3%-ია, მაგრამ მისი შესრულება საკმაოდ რთულია, გამომდინარე იმ რყევებიდან, რომელიც ხდება ეკონომიკაში, მთელ მსოფლიოში. თუმცა ასეთი მიზნობრივი ორიენტაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ მომავალში (იმ შემთხვევაში თუ თანმიმდევრული იყო ეს პოლიტიკა), სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს.
ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა და ზოგადად, ამ კუთხით გარემო ზედმეტად მკაცრია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ლიბერალურია. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, ხელი მიუწვდება თუ არა სესხზე მეწარმეს, არამედ, თუ როგორია ბაზარი და შეუძლია თუ არა ფულის ეფექტურად დაბანდება, გამოყენება და მისი შემდეგ ზრდა. ასეთ შეზღუდვები ჩვენს ბაზარზე არსებობს და შესაბამისად, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სესხების საპროცენტო განაკვეთების დინამიკა არ იკლებს იმ ტემპით, როგორც ჩვენ გვინდა“,- ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.