მილენიალების, ანუ 1981-დან 1996 წლამდე დაბადებული თაობის მიერ ღვინისადმი ინტერესის დაკარგვა ღვინის გლობალურ ინდუსტრიას კატასტროფის საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდები ღვინისა და ალკოჰოლის მოხმარებაზე სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს და სხვა სასმელებს ირჩევენ. მთავარი მიზეზი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
The Guardian წერს, რომ მილენიალები, ასევე, ჯენზი (Generation Z), ანუ 1990-იანი წლების შუა და 2010-იანების დასაწყისში დაბადებული თაობა ღვინის მიმართ ინტერესს კარგავენ, “რამაც შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოიტანოს ღვინის გლობალური ინდუსტრიისთვის.”
ალკოჰოლის ბაზრის ანალიტიკოს რობ მაკმილანის თქმით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ღვინის მოხმარება შესაძლოა, 20%-ით შემცირდეს და მილენიალებს ამაში მთავარი როლის შესრულება შეუძლიათ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2023 წელს ღვინის მსოფლიო მოხმარება 2,6%-ით უკვე შემცირდა და 1996 წლის შემდეგ მოხმარების მინიმალურ დონეს მიაღწია.
თუმცა ჩარლი ბრეინი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში Lubanzi Wines-ის თანადამფუძნებელია, თვლის, რომ ტენდენცია შესაძლოა, შეიცვალოს. ამას ხელს შეუწყობს მაღაზიების თაროებზე საინტერესო და ინოვაციური ბრენდების გამოჩენა. ბრეინის თქმით, ღვინის ბრენდებს, რომლებსაც ამჟამად მომხმარებელს სთავაზობენ, შესაძლოა, „მშობლების ბრენდები“ ეწოდოს, რაც ახალგაზრდებისთვის მოძველებულია.
ცნობისთვის: ივლისში ლონდონის კვლევითმა კომპანია IWSR-მა ღვინის გლობალური მოხმარების შემცირების ოთხი ძირითადი მიზეზი დაასახელა. ეს არის ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღ ჩვევებზე გადასვლა; კონკურენცია სხვა ალკოჰოლური სასმელების მხრიდან; ახალგაზრდებში ღვინის მოხმარების შემცირება და უფრო ძვირადღირებული ღვინის შეძენის სურვილი, რაც შესყიდვების სიხშირეს ამცირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ