„ფასის შემცირების ტენდენციაა - უფრო მეტი გასაქირავებელი ბინა შემოგვდის, ვიდრე მოთხოვნაა“ ,- ამის შესახებ უძრავი ქონების აგენტმა, ნელიკო გოგუაძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში მზარდი მშენებლობების პირობებში, ეკონომ- კლასის ბინებს უმრავლესობა იმ მოტივით ყიდულობს, რომ შემდეგ გააქირაოს. შედეგად, ჭარბმა მიწოდებამ, ფასების შემცირება გამოიწვია.
ბინის გაქირავების ფასების შემცირების ტენდენციაზეა საუბარი TBC Capital-ის მიმოხილვაშიც. კვლევის მიხედვით, ივლისში საცხოვრებელი ბინის გასაქირავებელი ფასი შემცირდა. კერძოდ, ივლისში 1 კვ.მ-ის ქირის საშუალო შეწონილი ფასი 11.5 დოლარი იყო. ამასთან, ფასი ერთ თვეში 0.8%-ით, ხოლო ერთ წელში 9.1%-ით შემცირდა.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა „საგრძნობლად გაიზარდა“ და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის და 18%-ით 2024 წლის ივნისის მაჩვენებლებს.
„გაქირავების ფასები ნამდვილად შემცირდა. თუმცა, ეს ტენდენცია ჯერ კიდევ შარშან შეიმჩნეოდა, წინა წელთან, ანუ 2022 წელთან შედარებით. ახლაც უფრო მეტი გასაქირავებელი ბინა შემოგვდის, ვიდრე მოთხოვნაა დაქირავებაზე. თბილისი გაჯერდა მშენებლობებით, ეკონომ-კლასის ბინებს უმრავლესობა ყიდულობს იმ მოტივით, რომ შემდეგ გააქირაოს და თუ ბაზარზე პირობითად იყოს 1000 ბინა და ახლა არის 2000, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფასის შემცირების ტენდენციაა.
გარეუბნებში, მაგალითად, ვარკეთილში, უფრო სწრაფად ქირავდება, რადგან იქ არის შედარებით დაბალბიუჯეტური ბინები. მოთხოვნა ცენტრშიც არის, ყველას უნდა ბინის დაქირავება, მაგრამ ვინც შედის უფრო გრძელვადიან კონტრაქტს აფორმებს, ამიტომ, ვისაც უნდა, რომ გრძელვადიანად გააქირაოს, ფასს აკლებს. მე მქონდა მაგალითად, ბინა პეკინზე, კომპლექსში, ეს ბინა 1000 დოლარადაც იყო გაქირავებული, 900 დოლარადაც, ახლა დამირეკა მეპატრონემ და მითხრა, თუ იქნება კარგი დამქირავებელი, 700 დოლარადაც გააქირავეო“,- ამბობს ნელიკო გოგუაძე.
მისი თქმით, ფასები კვადრატულზე, საშუალოდ, 1-5%-ით არის შემცირებული, თუმცა ყველაზე მეტად გაიაფებულია დიდი ბინები, რადგან მისი გაქირავება ყველაზე მეტად ჭირს.
„ფასის კლება დამოკიდებულია ბინაზე, საშუალოდ, 1-დან 5%-მდეა შემცირებული, თუმცა, დიდი ბინები უფრო დაიაფდა, რადგან მათი გაქირავება უფრო ჭირს.
რაც შეეხება სამომავლო ტენდენციებს, იმდენ მშენებლობაა თბილისში, თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ქირის ფასი ზრდისკენ ვერ წავა. თუ უფრო ბევრი ბინა გამოვა ბაზარზე და მოთხოვნა იგივე დარჩება, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მფლობელმა კონკურენტული ფასი უნდა დაადოს ბინას, სხვანაირად ვერ გააქირავებს, ხომ?! ამიტომ, ჯანსაღი კონკურენცია თუ იქნება, ფასი უნდა შემცირდეს“,- ამბობს ნელიკო გოგუაძე.