ვაჭრობის დაკრედიტება მცირდება, მრეწველობისა და სასტუმროების კი -იზრდება

კომერციული ბანკების მიერ ბიზნესზე გაცემული სესხები 2015 წლის პირველი ივლისისთვის წინა წელთან შედარებით 1 მილიარდ 988 მილიონი ლარით (37%-ით) გაიზარდა და 7 მილიარდ 371 მილიონი ლარი შეადგინა, წლიური ზრდის ტემპი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესოა (2014 წლის 1 ივლისი -15%, 2013 წლის 1 ივლისი - 8%).

გაცემული კრედიტების მიხედვით, კვლავ ვაჭრობა ლიდერობს, თუმცა, გასულ წელთან შედარებით, მისი მოცულობა 100 მილიონი ლარით (4,2%-ით) შემცირდა და 2 მილიარდ 296 მილიონი ლარი შეადგინა. ბოლო სამი წელია, ვაჭრობის წილი მთლიან სესხებში მცირდება - 2013 წლის პირველი ივლისისთვის 47% იყო, 2014 წელს - 44,5%, 2015 წელს - 31%.

უჩვეულოდ, 719 მილიონი ლარით (78%-ით) მოიმატა მრეწველობაზე გაცემულმა კრედიტებმა და 1 მილიარდ 637 მილიონ ლარს გადააჭარბა (თუმცა, ეს ცვლილება შეიძლება უკავშირდებოდეს ბანკების მიერ თავიანთი კლიენტების საქმიანობის სახეების ბაზის განახლებას). მრეწველობის წილი სესხების მთლიან მოცულობაში ბოლო სამ წელიწადში 19%-დან 22%-მდე გაიზარდა.

მესამე ადგილზე გაცემული სესხების მიხედვით დაწინაურდა ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა. ამ სექტორში გასულ წელთან შედარებით ბანკებმა 2,3-ჯერ მეტი, 535 მილიონი ლარის კრედიტები გასცეს. ბოლო სამი წელია, მისი წილი ბიზნესზე გაცემულ სესხებში 3-დან 7%-მდე გაიზარდა. 76 %-ით გაიზარდა ფინანსური შუამავლობის დაფინანსება (508 მილიონი ლარი), 11%-ით - მშენებლობა (477 მილიონი ლარი), 2,4-ჯერ - სასტუმროები და რესტორნები (422 მილიონი ლარი), 82%-ით - სოფლის მეურნეობა (308 მილიონი ლარი). სტაბილურად 25%-ით იზრდება განათლების დაფინანსება, თუმცა, მისი წილი საერთო სესხებში მაინც დაბალია (1,2%) და 91 მილიონს აღწევს,

აღსანიშნავია, რომ მეწარმეებზე გაცემული სესხების წილი მთლიან სესხებში მხოლოდ 51%-ია, დანარჩენი კი შინამეურნეობებზე მოდის.

ბელა ნოზაძე