სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მშპ-ს ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, წლიურად 0.9% იყო.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით არამარტო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორის და ის არის ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მოქალაქეთა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს ამით გამოწვეულს სიკეთეებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რატომ ვერ გრძნობს მოქალაქე ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ჯიბეზე და რა უშლის ხელს შემოსავლის ზრდას. ამასთან დაკავშირებით ეკონომისტს გივი მომცელიძეს ვესაუბრეთ.
როგორც მომცელიძე აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების კეთილდღეობაზე მყისიერად არ აისახება. მისი თქმით, 5-10 წელი მაინც სჭირდება, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის შემოსავლებსა და ცხოვრების დონეზე აისახოს.
„ცნობილი ფაქტია, რომ ეკონომიკურ ზრდას მოქალაქეები ჯიბეზე ვერ გრძნობენ. სამწუხაროდ, 1-2 თვეში ან 1-2 წელში ეკონომიკური ზრდა ადამიანებს ჯიბეზე არ ეტყობათ, ამას 5-10 წელი უნდა ხოლმე. 90-იანებს რომ შევხედოთ, ჩვენ ამხელა სიღარიბე გამოვლილი ქვეყანა ვართ, დენი არ იყო და ხალხი შიმშილობდა. ამ ფონზე თუ რაღაც დიდი შემოსავალი არ მივიღეთ ახლა, არ ვამბობთ, რომ ეკონომიკა იზრდება.
რაც შეეხება სტატისტიკას, რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყოთ ხელისუფლების მიმართ განწყობილი, ეკონომიკა იზრდება. მოდი შევადაროთ 10 წლის წინანდელს ახლანდელი მდგომარეობა - უკეთესი მანქანები გვყავს, უკეთესი საცხოვრებელი პირობები გვაქვს, ელექტროტექნიკა, გამათბობელი, კონდიციონერი, ბევრი სავაჭრო ცენტრი გაჩნდა - ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა იზრდება,“ - აღნიშნავს ეკონომისტი.
მანვე დასძინა, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არის, თუმცა არა ისეთი, რომ მოქალაქეთა შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მისი თქმით, ეს ტენდენცია ჩანს ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებლებში. კერძოდ, მოქალაქეები იძულებულები არიან უკეთესი შემოსავლების ძიების მიზნით ქვეყანა დატოვონ.
„მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - ეკონომიკა ისე არ იზრდება, რომ მოქალაქეს ქვეყნიდან გაქცევაზე არ ეჭიროს თვალი. ამისთვის სხვა რამე არის საჭირო, სამწუხაროდ, ჯერ ნაბიჯები არ ჩანს. მთავარი პრობლემაა ის, რომ 90-იანების შემდეგ ბოლო 2-3 წელია ყველაზე სწრაფი მიგრაცია გვაქვს. ჩემი აზრით, ოპოზიციური პარტიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში აქცენტი სწორედ ამაზე უნდა კეთდებოდეს. კი აკეთებენ განცხადებებს მიგრაციაზე, მაგრამ მეტად სიღრმისეული ქმედებებია საჭირო,“ - განაცხადა გივი მომცელიძემ.