სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე - გამწვავებას არ დავარქმევდი - საუბარია იმაზე, რომ ვალდებულებების ბალანსი იყოს დაცული

აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არა გამწვავება, არამედ “ვალდებულებების ბალანსის დაცვაა”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არ არის გამწვავება, არამედ საუბარია “იმ ვალდებულებების ბალანსის დაცვაზე რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა საკუთარ თავზე აიღეს”.

“გამწვავებას არ დავარქმევდი ამას. იმას რომ დავუბრუნდეთ, რაზეც ამწამს ვსაუბრობდით: ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტების მიერაა სანქცირებული, ორი ქვეყნის მთავრობების მიერაა დამტკიცებული. და ამ შეთანხმებებთან შესაბამისად, რომლებიც ორივე პარლამენტშია რატიფიცირებული, ყოველ ქვეყანას აქვს საკუთარი ვალდებულებები. საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ ამ ვალდებულებების ბალანსი იყოს დაცული, და ჩვენს აფხაზ მეგობრებს მშვენივრად ესმით ეს”, - განაცხადა ლავროვმა.