კლიმატის გლობალურმა დათბობამ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში სათხილამურო კურორტები კრიზისის წინაშე დააყენა, ხოლო თოვლის ნაკლებობამ რამდენიმე კურორტი სამუდამოდ დახურა.
ამის შესახებ Wired წერს.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ ფინეთის სათხილამურო კურორტ ლევის, რომელიც წელს გახსნიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თოვლის საცავი აქვს. კერძოდ, ოთხ ცალკეულ საცავში მთლიანობაში 260,000 კუბურ მეტრ თოვლს საიზოლაციო საბნების ქვეშ ინახავენ, რაც, შედარებისთვის, 100 ოლიმპიური საცურაო აუზის შესავსებად არის საკმარისი.
ასეთი მარაგით ლევის შეუძლია, ნოემბერში რამდენიმე საკვანძო სათხილამურო ტრასა ბუნებრივი თოვლის გარეშეც გახსნას. შენახული თოვლის უმეტესი ნაწილი, ანუ 60-70% ხელოვნური, დანარჩენი კი ბუნებრივია.
Wired წერს, რომ თოვლის დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გზა არის ხელოვნური წარმოება უზარმაზარი მანქანების გამოყენებით, რომლებიც ზოგჯერ 24 საათი რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობენ. ეს ენერგიის დიდ ხარჯსა და დაბალ გარეტემპერატურას მოითხოვს. თუმცა მეორე ვარიანტი საიზოლაციო საბნების ქვეშ თოვლის შენახვაა.
კერძოდ, ფინური კომპანია, Snow Secure საიზოლაციო საბნის სისტემებს აწარმოებს, რასაც ლევი და ევროპის ათობით სხვა კურორტი ზაფხულში თოვლის შესანარჩუნებლად იყენებს. ე.წ. თოვლის საბნები დამზადებულია ექსტრუდირებული პოლისტიროლისგან, ანუ პლასტმასის სახეობა XPS-ისგან, რომელსაც კომპანიას ფინური საიზოლაციო მწარმოებელი, Finnfoam აწვდის. თოვლის საბნები 4 მეტრიანი სიგანის ფურცლების სახით იწარმოება,რომლის სიგრძეც 18 ან 25 მეტრია. მათ ტრასის თოვლის ნაყარზე ალაგებენ და იზოლაციისთვის ერთმანეთთან პირაპირ სკოჩით აბამენ.
Snow Secure-ში აცხადებენ, რომ სისტემა კარგად მუშაობს მაშინაც, როცა ზაფხულის სიცხის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს, საბნების ქვეშ კი ტემპერატურა, დაახლოებით, 1 ან 2 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება. Snow Secure თავისი საბნების ქვეშ თოვლის ტემპერატურას რეალურ დროში სენსორებით უზრუნველყოფს. მართალია,ზაფხულის თვეებში თოვლის ნაწილი დნება და იშლება, მაგრამ კომპანია მიზნად ისახავს, დანაკარგები თავდაპირველი წყობის 30%-ს არ აღემატებოდეს.
“შენახული თოვლს” მხოლოდ სათხილამურო კურორტები არ იყენებენ. კერძოდ, Snow Secure-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანაა, სადაც ხის დიდ ნაჭრებს კომპანიის საბნებით დაფარული თოვლის სქელი ფენის ქვეშ ინახავენ. ეს ხელს უშლის ხის ზედმეტად გამოშრობას ზაფხულში, რაც მას ახლად ინახავს და შემდგომ დახერხვას აიოლებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ