ვინ აუნაზღაურებს სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს

"მერიას მანქანების ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უახლოეს დღეებში მივმართავთ"

როგორც ჩანს, მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებული მანქანების მფლობელებისთვის ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს ფინანსთა მინისტრისა და თბილისის მერის მოადგილის ირიბი განცხადებები. ნოდარ ხადურის თქმით, პრობლემების განხილვა კომპლექსურად უნდა მოხდეს და არა - კონკრეტული ზარალით. "სახელმწიფო შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედებს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ბპნ-თან საუბარში კი დაზარალებულები იმედოვნებენ, რომ მთავრობა კრიტიკულ სიტუაციაში გვერდით დაუდგება და ზარალის სრულად თუ არა, ნაწილობრივ დაფინანსებაში მაინც დაეხმარება.

"მთავრობის დახმარების გარეშე გაგვიჭირდება. ჯერაც შოკში ვართ - სტიქიამ რამდენიმე წუთში, ჩვენს თვალწინ ჩვენი სახლი და მანქანა გაიტაცა. ახლაც არ მჯერა, რომ ეს რეალობაში მოხდა. სიკვდილს წუთებით გამოვასწარით. ოთხი ბავშვი, მე და ჩემი მეუღლე, ამაღლებულ ადგილზე ვიდექით და ვუყურებდით, როგორ მიჰქონდა წყალს ჩვენი შეკოწიწებული ნაშრომი. ოჯახში ერთი მანქანა - "ტოიტა რავ4" გვყავდა, რა თქმა უნდა, წყალმა ისიც გაიტაცა. სამწუხაროდ, მანქანა დაზღვეული არ გვქონდა, თანაც ლომბარდში ჩავდეთ და ყოველთვიურად გარკვეულ პროცენტს ვიხდიდით. ახლა მანქანა აღარ გვაქვს, მაგრამ პროცენტს მაინც ვიხდით. მთავრობა გვერდში უნდა დაგვიდგეს. სხვანაირად ამ ზარალის ანაზღურება გაგვიჭირდება," - გვითხრა სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ანი ხაჭაპურიძემ.

ჩვენს მიერ გამოკითხულ დაზარალებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მოვარდნილმა წყალმა ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანები წამებში გაიტაცა. ზოგიერთი ავტომანქანა წყლის ტალღამ გვირაბში ჩახერგა და იქიდან მტკვარში გარიყა. მანქანების უმრავლესობა შეკეთებას არ ექვემდებარება.

"უსახლკაროდ დავრჩით და მთავრობის მცირედი მხარდაჭერა მაინც ხომ უნდა ვიგრძნოთ საქმით და არა - სიტყვით? მერიას მანქანების ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით უახლოეს დღეებში მივმართავთ", - ამბობენ დაზარალებულები.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კომპენსაციას მხოლოდ ის ავტომფლობელები მიიღებენ, რომლებსაც ავტომანქანები დაზღვეული ჰყავდათ. ეს პროცესი უკვე დაიწყო, როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა გვითხრა, სტიქიიდან რამდენიმე დღეში, სადაზღვევო კომპანიამ კომპენსაცია გადაუხადა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 105 დაზღვეული მანქანაა აღრიცხული, რომელიც სტიქიის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით კი ამ დრომდე 130 მანქანაა ნაპოვნი.

13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ ბპნ.გე-სთან საუბრისას ვერ დააკონკრეტა, აღრიცხავდნენ თუ არა სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომანქანებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ნუსხაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუზღვეველი მანქანების მფლობელებს ზარალი სრულად ან ნაწილობრივ აუნაზღაუროს. "ცხადია, ზარალი ზარალია და საცხოვრებელ სახლზე წინ ავტომანქანას ვერ დააყენებ. გვესმის, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული საერთო ზარალი დიდია. თუმცა, სახელმწიფომ ამ ზარალის თუნდაც ნაწილობრივი დაფარვა უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფოს მხრიდან სრულ გულრგილობას აქვს ადგილი. მით უმეტეს, რომ ამ ზარალში გარკვეული წვლილი მთავრობას მიუძღვის. ახალი გზა დროულად რომ გადაეკეტათ, მაშინ ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ევაკუაციისთვის სულ მცირე 2 საათი ჰქონდათ, რაც ოფიციალურად დადასტურდა კიდეც. მათ არასწორ, არაორგანიზებულ მოქმედებს ასეთი მასშტაბის ზარალი მოჰყვა. ამიტომ, სახელმწიფომ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას", - აღნიშნა ბპნ-თან საუბრისას "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა.

მისივე ვერაუდით, დაუზღვეველი მანქანების რიცხვი გაცილებით მეტია.

"ჩვენი გათვლებით, საერთო ჯამში ზარალი 5-6 მილიონ ლარს მიაღწევს. აქედან, დაზღვეული მანქანების ზარალის რაოდენობას 3 მილიონამდე ვვარაუდობთ. დაახლოებით იგივე რიცხვი იქნება არადაზღვეული ავტომანქანების შემთხვევაში. როგორც წესი, არადაზღვეული მანქანების ღირებულება გაცილებით იაფია, რადგან მოძველებულია. ამიტომ მფლობელების უმეტესობა არ აზღვევს. სახელმწიფომ ამ ადამიანების მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და ზარალის სრული თუ არა, ნაწილობრივ დაფარვა მაინც უნდა უზრუნველყოს", - ამბობს დავით მესხიშვილი.

სალომე გოგოხია