ეროვნულმა ბანკმა სარეზოლუციო ფონდის შექნის ბრძანება გამოსცა. შესაბამის დოკუმენტში ადმინისტრირების, ინვესტირების თუ წინასწარი შენატანის განხორციელების წესები უკვე გაწერილია.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ფონდის შექმნის მიზანს შესაბამისი ფინანსური სახსრების წინასწარი და შემდგომი აკუმულირება, შემდეგ კი საჭიროების მიხედვით გადანაწილება წარმოადგენს.
ამასთან, სარეზოლუციო ფონდში ირიცხება ბანკების წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში, ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი შესაბამისი სახსრები, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიების საფუძველზე მიღებული ჩარიცხვები და გრანტები, ამ სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე, სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში.
რაც შეეხება სარეზოლუციო ფონდის გამოყენებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ რეზოლუციის პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის აუცილებელი პროცესების უზრუნველსაყოფად. კერძოდ:
ა) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემისთვის;
ბ) ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისებისთვის ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, აქტივებისა და ვალდებულებების შეფასებისთვის საჭირო ხარჯებისა და გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის (გადაცემულ ვალდებულებებს გამოკლებული გადაცემული აქტივები) ანაზღაურების მიზნით;
გ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე სესხის ან/და გარანტიის გაცემისთვის, ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში;
ე) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის ლიკვიდობის გაუმჯობესებისთვის;
ვ) რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
ბრძანების თანახმად, სარეზოლუციო ფონდს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი, რომელიც ვალდებულია მაქსიმალურად უზრუნველყოს სარეზოლუციო ფონდში არსებული ფინანსური რესურსების უსაფრთხოება, მაღალი ლიკვიდობა და შეინარჩუნოს რისკის დაბალი პროფილი.
როგორც დოკუმეტში ვკითხულობთ, თითოეული ბანკისთვის წინასწარი შენატანი ეროვნული ბანკის მიერ განისაზღვრება პროპორციულობის და ობიექტურობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ამასთან, ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს წინასწარი შენატანი, არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
ბრძანების მიხედვით, ბანკებს პირველი შენატანის გადახდა 2025 წლის წლის 15 თებერვლამდე მოუწევთ.