სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დევნილთა სამინისტროს შესახებ ანგარიში სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისობის აუდიტი დაასრულა.

როგორც აუდიტორმა ზურაბ მაისურაძემ განაცხადა,  სამინისტროს მიერ 2011-2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის შედეგად არაერთი დარღვევა- ნაკლოვანება გამოვლინდა. "მათ შორის, დარღვევები დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვებში: კერძოდ, 2011-2012 წლებში სამინისტრომ დევნილთა სასარგებლოდ სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულებები გაუფორმა ისეთ კომპანიებს, რომლებსაც ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნდათ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 2,037,538 ლარი. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ შ.პ.ს. "მეგკოს" და შ.პ.ს. "მე-სას" აქვთ საერთო იურიდიული მისამართი, ასევე, შპს "მე-სა"-ს ერთ-ერთი დირექტორი წარმოადგენს შპს "მეგკო"-ს 100%-იანი წილის მფლობელს. აუდიტის ჯგუფმა აღნიშნულ მომსახურებაში გადახდილი თანხის ანალიზისას გამოავლინა, რომ მოცემული მომსახურების ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა სულ მცირე 654,361 ლარის მოცულობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა", - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა გამოვლინდა, რომ 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულების უმეტესობა გაფორმებული იყო კომპანიებთან, რომლებიც არაპირდაპირ სამინისტროს თანამშრომელთან იყო დაკავშირებული. "2013 წელს სამინისტროს მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმდა 42 ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 21,430,384 ლარი. ხელშეკრულებების ღირებულების 53% გაფორმდა ორ კომპანიასთან, შპს "NBG" და შპს "ნიუ კონსტრაქშენი", რომლებიც არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ სამინისტროს იმ თანამშრომელთან, რომელსაც ევალებოდა სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება. მოცემული კომპანიები (შპს "ნიუ კონსტრაქშენი" და შპს "NBG"-ი) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულად ცხადდებოდნენ და შესაბამისად მსხვილ კონტრაქტებს იგებდნენ 2013 წელს, სწორედ ამავე პერიოდში დაინიშნა სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესყიდვების და საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით მენეჯმენტთა ახალი შემადგენლობა", - აღნიშნა აუდიტორმა.

მისივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად სამინისტროს მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაც დაფიქსირდა.  "2011-2012 წლებში შპს "მონოლითმშენ"-თან და შპს "იკა"-სთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელიც შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს. აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2,621,757 ლარი. ასევე, სამინისტროს მიერ არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების გამოყენება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნებოდა კომპანიების მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ 59,544 ლარის გადახდა. გარდა ამისა, 2011 წელს სამინისტროს მიერ მისი ცენტრალური აპარატის ქ. გორში განთვასებასთან დაკავშირებით ქ. გორში გორკის ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელდა საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების შემდეგ შენობა გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამისად 2011 წელს გაწეულმა არამიზნობრივმა ხარჯმა შეადგინა 4,046,018 ლარი", - განმარტა ზურაბ მაისურაძემ.

მისივე განცხადებით, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფის პროცესშიც. "კერძოდ: ხუთ დევნილ ოჯახს, რომლებიც იმყოფებოდნენ ერთი სარეგისტრაციო ნომრის ქვეშ საკუთრებაში გადაეცა ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართი. ასევე გამოვლინდა 6 შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახზე გაიცა როგორც ერთჯერადი კომპენსაცია, ამასთან განხორციელდა საცხოვრებელი ბინის დაკანონება. იყო შემთხვევა, როცა 13 დევნილ ოჯახზე 2-ჯერ მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა, რის შედეგადაც ზედმეტად გაცემულმა კომპენსაციის თანხამ შეადგინა 130,000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, აღმოჩენილ იქნა ფაქტი, როცა საცხოვრებელი ფართები დაკანონებული ჰქონდა 4 ისეთ ოჯახს, რომლებსაც შეუწყდათ დევნილის სტატუსი", - განაცხადა აუდიტორმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ანგარიში, იქედან გამომდინარე, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.