„ნელ-ნელა გადავალთ ისეთ ფაზაში, როდესაც უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება - რამდენად რეალურია ერის გადაშენების საფრთხე

დემოგრაფები ბოლო რამდენიმე წელია ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში შობადობის შემცირების მაჩვენებელი საყურადღებოა. ექსპერტების შეფასებით, 2021-2022-2023 წლებში საქართველოს მოსახლეობა კლებისკენ წავიდა, ვინაიდან შობადობა შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა გაიზარდა. აუცილებელია სპეციალური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რაც მიმართული იქნება როგორც შობადობის გაზრდის, ისე სიკვდილიანობის შემცირებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ეტაპობრივად ძალიან შემცირდება. "საქსტატის" მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 შეადგინა. შობადობის კლებასა და სხვა დემოგრაფიულ საკითხებზე "კვირის პალიტრა" თსუ-ის პროფესორს, დემოგრაფ გიორგი მელაძეს ესაუბრა:

- შობადობის კლება გლობალური მასშტაბით ორას წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს და ბოლო რამდენიმე ათეული­ წელია გლობალურ პრობლემად იქცა. საქართველოშიც დაწყებულია ეს პროცესი, დასავლეთის ქვეყნებში კი უფრო ადრე დაიწყო. მავანნი ცდილობენ ამ პროცესებს­ პოლიტიკური ელფერი შესძინონ, არადა, სულ სხვა კანონები აქვს დემოგრაფიას.

1741 წელს გამოქვეყნდა გერმანელი ლუთერანი პასტორის იოჰან პეტერ ზიუსმილხის წიგნი "ღვთაებრივი წესრიგი". ზიუსმილხი აკვირდებოდა ადამიანების გარდაცვალებასა თუ შობადობას და როგორც მორწმუნე­, ამ ყველაფერში ღვთის ხელს ხედავდა. წიგნში­ 6 ძირითადი თეზაა. პირველი ასეთი იყო: ღმერთი ზრუნავს­ მოკვდა­ობისა და ნაყოფიერების ბალანსზე, რომ ღვთაებრივი წესრიგი მოითხოვს მოსახლეობას, მაგრამ არა ჭარბს. მეორე თეზა - ღმერთი­ აკონტროლებს სიკვდილს ისე, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმარისი იყოს გამრავლებისათვის... როდესაც­ ზიუსმილხი ამას წერდა,­ მაშინ ძალიან მაღალი იყო მოკვდაობა და საზოგადოება ამას პასუხობდა მაღალი შობადობით. მაგალითად, ინგლისის დედოფალ ანას 17 შვილი­ ჰყავდა და ვერც ერთმა ვერ მიაღწია ზრდასრულობას, მხოლოდ ერთი გადარჩა და ისიც 11 წლისა მოუკვდა. იოჰან სებასტიან ბახს 20 შვილი ჰყავდა და მათი ნახევარი გარდაეცვალა. დმიტრი მენდელეევი მეჩვიდმეტე შვილი იყო ოჯახში, საიდანაც სრულწლოვანებას სულ რვამ მიაღწია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრისგან გვსმენია: ადრე ბევრი მრავალშვი­ლიანი ოჯახები იყოო. ასე არაა, მრავალშვილიანი კი არა, მრავალმშობიარენი იყვნენ. ეს განსაზღვრული იყო მაღალი სიკვდილიანობით. ზიუსმილხის წიგნის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 50 წლის შემდეგ, 1790-იანი წლებიდან, დაიწყო რევოლუციური მოვლენა დემოგრაფიაში, ანუ სიკვდილიანობა შემცირებას იწყებს. ის ღვთაებრივი წესრიგი, რაზეც პასტორი წერდა, დაირღვა, იმიტომ, რომ სიკვდილია­ნობამ, კერძოდ, წლამდე ჩვილთა­ სიკვდილიანობამ შემცირება დაიწყო... ეს მედიცინის განვითარებამაც განაპირობა, მაგრამ ამას სხვა პრობლემა მოჰყვა... მალე გამოჩნდა ცნობილი­ თომას მალთუსი, რომელიც ამბობდა, რომ ასეთი­ რაოდენობით ადამიანების გამრავლება დედამიწაზე დიდ პრობლემებს გამოიწვევდა. ასეცაა, იმიტომ, რომ მე-18 საუკუნეში, სანამ სიკვდილიანობა შემცირდებოდა, ყველა დაბადებულიდან წლამდე თითქმის 27% იღუპე­ბოდა, ხოლო დანარჩენთაგან 46% ვერ აღწევდა სრულწლოვანებას. სიკვდილიანობის შემცირებამ კი გამოიწვია ის, რომ ამხელა შობადობა აღარ იყო საჭირო. ამას მოჰყვა ნეომალთუსიანიზმის წარმოშობა. ნეომალთუსიანი, სოციალური რეფორმატორი იყო ინგლისელი ფრენსის ფლეისი. 1822 წელს გამოქვეყნდა­ მისი ნაშრომი "ილუსტრაციები და მტკიცებულებები მოსახლეობის პრინციპების შესახებ", რომელშიც ავტორი მხარს უჭერდა კონტრაცეპტივების გამოყენებას. ასე რომ, შეიცვალა­ შობადობისა და გარდაცვალების მოდელები - თუ ადრე ბევრი კვდებოდა და ბევრიც იბადებოდა, თანამედროვე ეპოქაში გაცილებით ცოტა ადამიანი კვდება, სამაგიეროდ, საზოგადოება ამას უკვე დაბალი შობადობით პასუხობს.

კაცობრიობას 1 მილიარდისთვის რომ მიეღწია, ორასი ათას წელიწადზე მეტი დასჭირდა - 1804 წელს მიაღწია პირველ მილიარდს, მეორეს - 1927 წელს და ამას მხოლოდ 123 წელი დასჭირდა.­ თანდათანობით ყოველი შემდგომი მილიარდის მიღწევას სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო ესაჭიროებოდა. 2011 წელს მოსახლეობის რაოდენობა 7 მილიარდი იყო, 2022 წელს - 8 მილიარდი გახდა ანუ სულ 11 წელი დასჭირდა, ერთი მილიარდით რომ გაზრდილიყო. წარმოგიდგენიათ, თუ ასე გაგრძელდა, ყოველ 11 წელიწადში რომ თითო მილიარდით მოიმატოს კაცობრიობამ, კატასტროფა იქნება დედამიწაზე.

დემოგრაფიულ სისტემას თავისი მექანიზმები აქვს. მთელ მსოფლიოში დღეს შობადობის კლებაა. როგორც პროგნოზია, 2037 წელს კაცობრიობა 9 მილიარდი გახდება და უკვე 15 წელი დასჭირდება. დღესდღეობით აფრიკაშიც კლებულობს შობადობა.

გლობალური მასშტაბით თუ შევხედავთ, შობადობის კლება კარგია,­ მოსახლეობა ისე რომ გამრავლდეს, როგორც ადრე, შეუძლებელი გახდებოდა ცხოვრება, მაგრამ საქმე ის არის, არიან განვითარებული ქვეყნები, სადაც შობადობა კლებულობს კი არა, დაბალი შობადობაა, უფრო მეტი გარდაიცვლება, ვიდრე იბადება. აფრიკულ-აზიურ ქვეყნებში ეს პრობლემა არ დგას. განვითარებულ ქვეყნებში კი შობადობა ძალიან დაბალია.

- საქართველოშიც ხომ ეს პრობლემაა?­

- დიახ... პოპულარული კოეფიციენტია­ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც ქალი რეპროდუქ­ციულ ასაკში (15-49 წელი) 2,1 ბავშვს თუ გააჩენს, ანუ თუ ქვეყანაში შობადობის ჯამური კოეფიციენტი 2,1-ია, მაშინ მოსახ­ლე­ობა არც კლებულობს და არც მატულობს.­ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი მსოფლიოს 101 ქვეყანაში 2,1-ზე ნაკლებია. ასეთი ქვეყნების რაოდენობა მომავალში უფრო მოიმატებს. 2050 წელს მსოფლიოში­ 195 ქვეყნიდან, გაეროს პროგნოზებით, 151-ში შობადობის ჯამური კოეფიციენტი უკვე 2,1-ზე დაბლა იქნება. ეს გლობალური პროცესია, რომელიც ყველა ქვეყანას მოიცავს, მათ შორის საქართველოსაც. ჩვენ უკვე ნელ-ნელა გადავალთ ისეთ ფაზაში, როდესაც უფრო მეტი კვდება, ვიდრე დაიბადება.

- საქართველოს მაგალითზე შობადობის ჯამური კოეფიციენტი რამდენია?

- საქართველოში შობადობის ჯამური კოეფიციენტია 1,7. არადა, რამდენიმე წლის წინ 2.0-მდე იყო. ძალიანაც არ ჩამოვრჩებით ევროპას. 2023 წლის მონაცემებით, პირველ ადგილზეა საფრანგეთი, სადაც ეს კოეფიციენტია 1,8. ჩვენ გვისწრებენ ირლანდია, რუმინეთი, დანია, ისლანდია და ჩეხეთთან ერთად მეექვსე-მეშვიდე ადგილს ვიყოფთ.

- ბევრ ქვეყანაში შობადობის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება.

- დახმარებები საფრანგეთშიცაა, მაგრამ პრობლემა ვერ იჭრება. იტალიაში­ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტია 1,3. არადა, იტალიის ხელისუფლებამ 2019-21 წლებში ასეთი რამ მოიფიქრა მოსახლეობის გასაზრდელად - მიწის ნაკვეთს 20 წლით უსასყიდლოდ აძლევდნენ მათ, ვინც მესამე ბავშვს გააჩენდა, მაგრამ მაინც შემცირდა შობადობა. იაპონიაში შობადობის­ ჯამური კოეფიციენტი 2023 წელს 1,2 იყო და ეს კატასტროფაა. იქ ქალები პრობლემად­ ასახელებენ სამუშაოზე ძალიან მაღალ დატვირთვას, რომ ამის გამო ბავშვს­ ვერ აჩენენ, რომ გვიანი­ ქორწინებებია, ან აღარც ქორწინდებიან. თუ არის ალტერნატივა, სამსახური თუ ოჯახი, ძალიან ხშირად სამსახურს ირჩევენ­. სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვიან ქალებს, აძლევს დეკრეტულ შვებულებებს, აძლევენ საშუალებას იმუშაონ დისტანციურად, მაგრამ არ შველის, უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება.

- რა არის შობადობის კლების გლობალური მიზეზები?

- წლამდე ბავშვთა მოკვდაობის შემცირება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა დასაქმებასაც. ბევრი მეცნიერი­ წერდა, რაც ქალები გამოვიდნენ ოჯახიდან, მას შემდეგ დაიწყო შობადობამ კლებაო.­ ასევე განმსაზღვრელია განათლების დონის მატება, საპენსიო სისტემების შემოღებაც. მაგალითად, დასავლეთში ადამიანები­ პენსიაზე გასვლის შემდგომ აბსოლუტურად უზრუნველყოფილი არიან, შვილებზე­ არ არიან დამოკიდებული. ცნობილი შვედი­ მწერალი ავგუსტ სტრინდბერგი წერდა: "თანამედროვე ქალს სურს იცოდეს, თუ რა თქვა ციცერონმა სულას შესახებ და ვინ იყო ჰომეროსი, რეალური თუ გამოგონილი პიროვნება, მაგრამ რას არგებს ამის ცოდნა?­ ის ისწავლის მკვდარი ენის ზმნების უღლებას, განასხვავებს დედამიწის სიღრ­მისეულ შრეებს,­ იმსჯელებს რომელიმე­ თევზის­ კუდის­ შესახებ და თანდათანობით დაკარგავს ჯანსაღი და სრულყოფილი ბავშვ­ების გაჩენის უნარს. დაე, ქალმა ის აკეთოს,­ რაც ბუნებამ დაუწესა და ნუ დაკარგავს დროს უსარგებლო მეცნიერებით".­ მე, რა თქმა უნდა, არ ვეთან­ხმები, მაგრამ დღეს ქალების უდიდესი ნაწილი დაკავებულ­ია კარიერის მოწყობით, კარგი განათლე­ბის მიღებით

ძალიან გაიზარდა დაქორწინები­სა და ბავშვის გაჩენის ასაკი.­ დასავლეთ ევროპაში ეს 33-34 წელია, ჩვენთან 27-28, მაგრამ, ჩვენთანაც მივა 30-32 წლამდე. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ბოლო 7-8 წელია, პანდემიის სახე მიიღო­ განქორწინებებმა, რაც დიდ გავლენას ახდენს შობადობის კლებაზე. 2023 წელს 13 700 განქორწინება დაფიქსირდა. გამოვიანგარიშე, რამდენ ბავშვს ვკარგავთ განქორწინებით. 2014 წლის აღწერებით დაიბადა 60 600, განქორწინებები რომ არ ყოფილიყო, 3 300 ბავშვით მეტი დაიბადებოდა. 2024 წლის აღწერის შემდეგ ეს რიცხვი უფრო დიდი იქნება.

განაგრძეთ კითხვა