„პურის ფასი სტაბილურია, უკვე 2-3 წელია არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ მზარდი ტარიფებია ელექტროენერგიაზე, წყალზე და ა.შ. ეს ჩვენთვის სატრაბახოც კი არის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, ამჟამად ფქვილზე ფასი მცირდება, კერძოდ, 1 ტომარის ღირებულება 43-44 ლარის ფარგლებშია. მისივე თქმით, პურზე ფასის სტაბილური შენარჩუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ფასი 52 ლარს არ აჭარბებს.
„ერთ ტომარაზე რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟოზე ახდევინებენ 12 ლარს. დაახლოებით 3 მილიონი შევიდა ბიუჯეტში შარშან ამ თანხიდან მოგების სახით. ამით კი ბაზარზე საქართველოში დამზადებულისა და შემოტანილი ფქვილის თვითღირებულება გაწონასწორდა.
ბაზარზე ფქვილის ერთი ტომრის ფასი ახლა თუ არ ვცდები 43-44 ლარია. 52 ლარამდე გვაქვს შესაძლებლობა, რომ პური არ გაძვირდეს. წინა წლებში 52 ლარზე ზევით თუ წავიდა ფქვილის ღირებულება, სუბსიდირებაც იყო ჩართული, რადგან ფქვილის ფასი გაიზარდა. დღეს ფქვილის ღირებულება მცირდება“, - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, თბილისში დღე-ღამეში საშუალოდ 350 ტონა პური ცხვება. წარმოებული პროდუქციიდან 120 ტონა თონის პურია, დანარჩენი კი - ქარხნული. დედაქალაქში ყველაზე გავრცელებული 500-გრამიანი ე.წ ბატონისებური პურია, რომლის ფასიც საშუალოდ 90 თეთრიდან 1.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.