ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. კერძოდ, ეკონომისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფოს გასაყიდად ინვესტორებისთვის არამიმზიდველი ეკონომიკური აქტივები გამოაქვს.
გარდა პროექტებისა, მაკალათია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სახელმწიფო ქონებას ვალდებულებებითა და მოთხოვნებით ყიდის, რაც ამცირებს აქტივების ღირებულებას და შესაბამისად, ინვესტორთა დაინტერესებას.
„მთავარი პრობლემა რაც ხელს უშლის პრივატიზებას არის ის, რომ არ გამოდის საინვესტიციოდ მიმზიდველი აქტივები, მეორე არის ის რომ ვალდებულებებით გამოდის საპრივატიზაციო ობიექტები და ისეთი ვალდებულებებია რომ აფრთხობს ინვესტორს და მიმზიდველს არ ხდის. თითქოს აღიქმება ისე, რომ კარგია ვალდებულებები, მაგრამ რეალურად ეს ვალდებულებები ამ აქტივების ღირებულებას ამცირებს და საინვესტიციოდ არამიმზიდველს ხდის. წარმოიდგინეთ, როდესაც ვალდებულებით არის დატვირთული აქტივი, ამ ვალდებულებით მიდიხართ ინვესტორთან და მოლაპარაკება და დამატებითი ფინანსების მოძიება გჭირდებათ. ცხადია, ინვესტორი თავს შეიკავებს როდესაც ხედავს, რომ დიდი დატვირთვა აქვს ამ ადგილს,“ - აღნიშნა ეკონომისტმა.
ამასთან, მაკალათია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო აქტივების 70-80% მაინც პრივატიზების გარეშეა. მანვე განმარტა, რომ ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლის ნაწილში მთავარი პრობლემაა ის, რომ გადაწყვეტილებები ნაცვლად ეკონომიკურისა, პოლიტიკური საფუძვლებით მიიღება.
„მთავარი საკითხია ბიუროკრატია - მიდის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროცესები. პოლიტიკური ნიშნით ხდება შეფასება, პოლიტიკურ გემოვნებაზეა დამოკიდებული ვის ხელში გადავა საპრივატიზაციო ობიექტი, ეკონომიკური პროცესებს მთლიანად ჩამოშორებულია.
ამის ნათელი მაგალითია ანაკლიის პორტი, როცა პოლიტიკური ნიშნით წყდება ობიექტის განკერძოება და არა ეკონომიკური ნიშნით, არ მიდის ეკონომიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკება, ხორციელდება მთავრობასა და ინვესტორს შორის, რომელიც მთავრობას მოჰყავს. აქ პოლიტიკური შეხედულებებია მთავარი და არა ეკონომიკურად მიმზიდველობა,“ - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.