„მუშახელი დიდი ენთუზიაზმით აღარ მოდის - ცხელ გარემოშია სამუშაო, საშუალო ხელფასი 900-1000 ლარია“

„პურის წარმოების სექტორს პრობლემა გააჩნია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ განმარტა, პრობლემა ძირითადად კადრების დეფიციტს უკავშირდება. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად პრობლემებისა, წარმოება სტაბილურად ხორციელდება.

„მწარმოებლებს კადრების პრობლემები აქვთ, რადგან ცხელ გარემოშია სამუშაო და ხელფასების პრობლემაც არის. მუშახელზეც რომ გითხრათ, ჩვენს წარმოებაში მუშახელი დიდი ენთუზიაზმით აღარ მოდის. საშუალო ხელფასი არის 900-1000 ლარი აქ დასაქმებული ადამიანებისთვის. რომ გითხრათ მძიმე სამუშაოაო - არ არის, მაგრამ გარემო ასეთია, მაღალი ტემპერატურაა. მიუხედავად ამისა, ხალხისთვის არ გვიღალატია არასდროს, ვშრომობთ, საწარმოები მუშაობს და მუშახელი შრომობს. რა თქმა უნდა, უპრობლემო არავინ არ არის, მაგრამ დარგი მაინც მყარად მუშაობს,“ - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

ცნობისთვის, თბილისში დღე-ღამეში საშუალოდ 350 ტონა პური ცხვება. წარმოებული პროდუქციიდან 120 ტონა თონის პურია, დანარჩენი კი - ქარხნული. დედაქალაქში ყველაზე გავრცელებული 500-გრამიანი ე.წ ბატონისებური პურია, რომლის ფასიც საშუალოდ 90 თეთრიდან 1.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

იხილეთ ასევე: „თბილისში დღე-ღამეში 350 ტონა პური ცხვება“ - რომელს ანიჭებენ უპირატესობას დედაქალაქში

მერი ტაბატაძე