ბათუმის მერია ჯიხურებს ძველ ადგილებზე დააბრუნებს

ბათუმის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ჯიხური დაბრუნდება ძველ ადგილებზე და მოვაჭრეებს მიეცემათ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა სექტემბრის ბოლომდე, - ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ გვიან ღამით მას შემდეგ განაცხადა, რაც გარემოვაჭრეებმა რამდენიმე ჯიხურის "ჭაჭის თაუერის" ტერიტორიიდან გადატანა გააპროტესტეს.

როგორც ზაალ მამუჭაძემ განმარტა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 8 ჯიხური ტერიტორიიდან დასაწყობების მიზნით გაიტანა. მისივე თქმით, მერია იმსჯელებს, რა ფორმით გააგრძელებენ გარემოვაჭრეები საქმიანობას სექტემბრის შემდეგ. "ახლა ვასაწყობებდით და ხვალ უნდა გადაგვეტანა ძველ ადგილებზე. მერია იმსჯელებს და გადაწყვეტს, სექტემბრიდან რა ფორმით გაგრძელდება გარევაჭრობა", - აღნიშნა ზაალ მამუჭაძემ.

სუვენირებისა და სამკაულების ჯიხურები ბათუმში საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩის გასწვრივ იყო განლაგებული. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის მერიამ ჯიხურები "ჭაჭის თაუერის" მიმდებარედ ორ მწკრივად განალაგა, რასაც როგორც გარემოვაჭრეების, ასევე, ბათუმელების პროტესტი მოჰყვა. გვიან საღამოს კი ბათუმის მერიამ ჯიხურების აღება მეპატრონეებთან შეუთანხმებლად დაიწყო. მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და მერიის სამსახურები, რომლებმაც 8 ჯიხური ადგილიდან გაიტანეს, სამუშაოები კი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც გარემოვაჭრეები ადგილზე მივიდნენ და სპეცტექნიკას ჯიხურების აღების საშუალება აღარ მისცეს.

როგორც გარემოვაჭრე სულიკო გოგრაჭაძე აცხადებს, ჯიხურებში არსებული სუვენირები და სამკაულები გადატანის დროს ზიანდება. მისივე თქმით, გარემოვაჭრეები მივიდნენ ჯიხურებთან, რათა დაზიანებისგან დაიცვან საქონელი და ზედამხედველობის სამსახურმა ვერ შეძლოს მათი გატანა. "ჯიხურებში არის საქონელი. ერთი კვირის წინ "ჭაჭის თაუერთან" გადმოტანის დროს მოვიდნენ ღამე, წაიღეს ჯიხურები და დააზიანეს როგორც სუვენირები, ასევე ჯიხურები. ახლაც, გავიგეთ, რომ გაჰქონდათ ჯიხურები და მოვვარდით, რომ დავიცვათ ჩვენი საქონელი", - აღნიშნა სულიკო გოგრაჭაძემ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ და ძველ ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან. ჯიხურები გარემოვაჭრეებმა ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე თვითნებურად განათავსეს.