თუშეთის გზაზე მოძრაობის გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა - ღირებულება 12.3 მლნ ლარია

­თუშეთის საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს ლოტი III (კმ25.5-კმ35.9) შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 300 334 ლარს შეადგენს.

„პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

წინადადებების მიღება 5 ოქტომბერს იწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში 51.6 მლნ ლარია.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22.5 კმ. იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები.

დეპარტამენტმა აგვისტოში ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის მეორე ლოტზეც გამოაცხადა ტენდერი. სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთზეა ჩასატარებელი. ამ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 426 ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.

მერი ტაბატაძე