"ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს დღეებში წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენს, თუმცა, მანამდე მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ როცა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება დგას, მშვიდობის შენარჩუნება პრიორიტეტულია.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან. გუშინ სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით. ვნახეთ რამდენი ადამიანი შეიკრიბა. ძალიან მაგარი მუხტი და განწყობაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ მშვიდობა არ გვექნება. ჩვენს წინაშე დღესაც არსებობს საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის, ეს სურვილი მოდის ქვეყნის გარედან და ამას ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის გუნდი, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოახდენს.

გარდა ამისა, ჩვენ მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს პროგრამას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ შემდეგ ოთხ წელში. თუმცა, ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული არის მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.