უმუშევრობა განახევრდა ქვეყანაში, 680 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით უფრო ამბიციური ამოცანა აქვს.

„მხოლოდ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 40 მილიარდი ლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში შემოდის 2024 წელს 10 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე შემოდიოდა 4 წლის წინ. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

ამ ყველაფერს მოაქვს ის, რომ მინიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი. 2012 წლის შემდეგ უმუშევრობა განახევრდა საქართველოში. იყო 26.7% და ახლა არის 13.7%. 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 1.2 მილიონი ადამიანი, ისინი ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღეს ეს მაჩვენებელი შეადგენს 440 ათას ადამიანს.

მთავარია, რომ ასე გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს 4 წლის თავზე, თუ წინა 4 წლის განმავალობაში 40 მილიარდით გაიზარდა ეკონომიკა, შემდეგი 4 წლისთვის გვაქვს უფრო ამბიციური ამოცანები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერი ტაბატაძე