გასული ზაფხული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ინფორმაციას Bloomberg კლიმატის ევროპული სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით გლობალური ტემპერატურა ისტორიულ საშუალო მაჩვენებელს 0,69°C-ით აღემატებოდა. ამდენად, შარშან დაფიქსირებული რეკორდული მაქსიმუმი მოიხსნა. მთლიანობაში, მკვლევარების მტკიცებით, კლიმატის ცვლილება სითბოს ტალღების სიხშირესა და ინტენსივობას ზრდის, რაც ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს, გვალვებს, ტყის ხანძრებს, ძლიერ შტორმებსა და წყალდიდობებს იწვევს.
მაგალითად, ბოლო 12 თვის განმავლობაში გლობალური საშუალო ტემპერატურა 1,64 °C-ით აღემატებოდა პრეინდუსტრიულ დონეს, ანუ 1,5 °C ბარიერს, რომელიც კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებით არის დადგენილი.
ევროპაში ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით სიცხე 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს 1,54 °C-ით აღემატებოდა. ყველაზე ექსტრემალური პირობები ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში დაფიქსირდა, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში, ისლანდიაში, ირლანდიის ზოგიერთ ნაწილში, პორტუგალიის დასავლეთ სანაპიროსა და სამხრეთ ნორვეგიაში ჩვეულებრივზე მეტად გრილოდა.
ცნობისთვის, კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება 2015 წელს იქნა მიღებული და მიმდინარე საუკუნეში სითბური გაზების ემისიების მნიშვნელოვან შეამცირებას, ასევე, გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2°C-ზე დაბლა შეინარჩუნონ და იმუშაონ იმისთვის, რომ ტემპერატურამ 1,5°C-ზე მეტად არ მოიმატოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ