ქრთამის აღების ფაქტზე ხონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი ნუგზარ ციბაძე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემისა და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის მიცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 800 ლარი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.