„რისკები იმატებს“ - რას შეცვლის კავკასიაში თურქეთისა და აზერბაიჯანის „ბრიკსში“ გაწევრება

თურქეთი და აზერბაიჯანი მსოფლიოს იმ ეკონომიკურ ჯგუფში წევრდებიან, რომელთა ლიდერებად რუსეთსა და ჩინეთს მიიჩნევენ, და საკუთარ თავს "დიდი შვიდეულის", საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ალტერნატივად ხედავენ. საუბარია "ბრიკსზე", სადაც შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.

სახელწოდება "ბრიკსი" თავდაპირველად შემავალი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოების აბრევიატურაა. BRICS-ის აბრევიატურა ინგლისურად წააგავს სიტყვა აგურს (Brick) და ტერმინიც და იდეაც გაჩნდა 2001 წელს, როდესაც ამერიკული საინვესტიციო ბანკის "გოლდმენ საკსის" ეკონომისტმა ჯიმ ო’ნილმა ივარაუდა, რომ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები მომდევნო ათწლეულში გლობალურ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდებოდა - "აგურებივით დაეწყობოდა მსოფლიოს ეკონომიკას". გაერთიანება 2006 წელს შეიქმნა და თავდაპირველად 4 ქვეყანა შედიოდა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი). პირველი სამიტი "ბრიკსის" ქვეყნებმა 2009 წელს რუსეთში გამართეს, 2010 წელს კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც მიიწვიეს და "ბრიკსიც" იმ ფორმით ჩამოყალიბდა, როგორითაც დღეს არსებობს. განსაკუთრებული ინტერესი შარშანდელმა სამიტმა მიიქცია, რომელიც აგვისტოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა და ონლაინჩართვის დროს პუტინმა (ფიზიკურად სანქციების გამო ვერ ჩავიდა) "ბრიკსის" გაფართოების საკითხი დააყენა. შარშან ბევრი სტატია დაიწერა იმის შესახებ, თუ რატომ ცდილობდა რუსეთი ამ ორგანიზაციის გაფართოებას, რადგან ამ ორგანიზაციაში, რომელიც აშკარად დასავლეთის საპირწონედ განიხილება, რუსეთი და ჩინეთი ერთად არიან წარმოდგენილი და ლიდერად რუსეთი ითვლება. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციაში აშშ-ის მოკავშირე ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წევრობა კითხვებს ბადებდა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე ამას მწვავე ფორმა არ მიუღია, რადგან აქცენტი მაინც ეკონომიკურ ფაქტორზე კეთდებოდა. უკრაინასთან ომის დროს პუტინის გაფართოების იდეამ კი დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ჩანდა, რომ ამით რუსეთი სანქციების გარღვევის და ეკონომიკური ზარალის შემცირების გზებს ეძებდა, რაც საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლისა და ახალი ფორმით ჩამოყალიბების კიდევ ერთ მცდელობად იქნა აღქმული. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან "ბრიკსის" სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. თურქეთმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ აპირებდა ამ ორგანიზაციაში გაწევრებას. რამდენიმე დღის წინ კი "ბლუმბერგმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთს "ბრიკსში" გაწევრების შესახებ განაცხადი ოფიციალურად შეტანილი აქვს. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსში შესვლის შესახებ განაცხადი თურქეთმა რამდენიმე თვის წინ შეიტანა იმ "იმედგაცრუების ფონზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრების რამდენიმეწლიანმა მოლოდინმა გააჩინა". მათივე ცნობით, "ბრიკსის" გაფართოების საკითხი შესაძლოა 22-24 ოქტომბერს ყაზანში, ორგანიზაციის სამიტზე განიხილონ. სტატიაში აღნიშნულია, რომ "ბრიკსში" გაწევრებით "თურქეთი მიისწრაფვის მსოფლიოში გავლენის გაზრდისა და განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებისკენ, ქვეყანა გლობალური გავლენის გაძლიერებასა და დასავლეთის გარეთ ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს". ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, როგორც სტატიაშია აღნიშნული, თურქეთს მიაჩნია, რომ "დასავლეთი გეოპოლიტიკური ცენტრის პოზიციებს კარგავს" და "ბრიკსში" გაწევრებას შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას, "გააუმჯობესოს ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთთან და გახდეს სავაჭრო მიმწოდებელი ევროკავშირსა და აზიას შორის". ამ მხრივ ძალიან საგულისხმოა ერდოღანის განცხადება, რომ "თურქეთი შეიძლება გახდეს აყვავებული, პრესტიჟული და ეფექტური ქვეყანა, თუ ის გააუმჯობესებს ურთიერთობებს აღმოსავლეთსა და დასავლეთთან ერთდროულად. ნებისმიერი მეთოდი, ამის გარდა, თურქეთს მოუტანს არა სარგებელს, არამედ ზიანს".

20 აგვისტოს "ბრიკსში" გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადი აზერბაიჯანმაც შეიტანა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანში პუტინის ვიზიტს მოჰყვა. პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც იყო აღნიშნული, რომ მოსკოვი მხარს უჭერს "ბრიკსში" აზერბაიჯანის წევრობას.

თურქეთისა და აზერბაიჯანის ამ ორგანიზაციაში გაწევრება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების მომტანი იქნება რეგიონისთვისაც და გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემებისთვისაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ბრიკსი" უკვე არის მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ ამ კავშირის გაფართოებას შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური და ნეგატიური შედეგები როგორც ამ ქვეყნებისთვის, ასევე გლობალური მასშტაბით. გასათვალისწინებელია უკრაინა-რუსეთის ომის ფაქტორიც, რაც შედეგებს უფრო ნეგატიურ მხარეს ხრის.

თუ დადებით ფაქტორებზე ვისაუბრებთ, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ მათ ექნებათ წვდომა უფრო დიდ ბაზრებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რაც გაზრდის მათი ეკონომიკური ზრდის პოტენციალს. მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სესხები, ინვესტიციები და ტექნოლოგიები წევრი ქვეყნებიდან. ასევე, "ბრიკსის" ქვეყნებში სხვადასხვა სფეროში ინვესტირების შესაძლებლობები გაზრდის ქვეყნის სამუშაო ბაზრის დივერსიფიკაციას და გამოიწვევს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდას.

გარდა ამისა, აზერბაიჯანი, რომელიც ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყანაა, შეძლებს ენერგეტიკული რესურსების ბაზრის დივერსიფიკაციას. თურქეთის როლი კი, როგორც ტრანზიტული ქვეყნისა და ენერგეტიკული ჰაბის, ცხადია, გაიზრდება და "ბრიკსის" წევრებს მისცემს შესაძლებლობას მათთან უფრო მჭიდრო ენერგეტიკული პარტნიორობა ჩამოაყალიბონ.

განაგრძეთ კითხვა