საქართველო-ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისები გაიზარდა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, ოპერირების სიხშირე გაზარდა. აღნიშნულის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ჩინეთიდან იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 49.083 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, ხოლო წინა წლის 7 თვეში 43.930 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს, აქ შემცირება ფიქსირდება. სტატისტიკის მიხედვით, წელს 7 თვეში ჩინეთში ავიარეისებით 16.578 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაიგზავნა, შარშან იგივე პერიოდში კი, 22.383 მლნ აშშ დოლარის.
საერთო ჯამში ჩინეთი საჰაერო გადაზიდვებში, ბრუნვის მიხედვით, ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. პირველ სამ პოზიციაზეა, არაბთა გაერთიანებული საამიროები (121.523 მლნ აშშ დოლარი), შვეიცარია (118.052 მლნ აშშ დოლარი) და ჰონგ-კონგი (115.177 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს იანვარ-ივლისში ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი მოცულობით გადაიზიდა (საჰაერო გზით), ასეთია:
ტოპ-5 ექსპორტირებული:
ტოპ-5 იმპორტირებული:
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად, ჩინეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი (ყველა ტრანსპორტით) გაზრდილია და ამ მხრივ, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის - თურქეთის რუსეთისა და აშშ-ს შემდეგ, მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, წელს საანგარიშო პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის 1.056 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 945.872 მლნ აშშ დოლარის.