კოტეჯები, დაკიდებული ხიდები, საფეხმავლო ბილიკი, საქანელა, კედელზე საცოცი ატრაქცია და კვების ობიექტი - ეს იმ ინფრასტრუქტურის ჩამონათვალია, რომლის მოწყობასაც ბირთვისის ციხისა და კანიონის მიმდებარედ შპს „ეკო ტური“ გეგმავს.
კომპანიამ ბირთვისის ბუნების ძეგლის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლება 45 წლის ვადით 2021 წელს მიიღო. „ეკო ტურმა“ პროექტში ჯამში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ბირთვისის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობებს უკვე გამოეხმაურნენ სფეროს ექსპერტები. „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აცხადებს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, რითაც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი ირღვევა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ბირთვისის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტი ეკო ტურიზმის კრიტერიუმებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ილია ოქრომელიძეს ვესაუბრეთ.
როგორც ოქრომელიძე აღნიშნავს, ბირთვისში დაგეგმილი პროექტი ბოლომდე არ ჯდება ეკოტურისტულ სტანდარტებში. ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისას უმნიშვნელოვანესია შემეცნების ნაწილი, რაც სათანადოდ არ არის გათვალისწინებული.
„ინფრასტრუქტურა, რასაც სახელმწიფო წარმოაჩენს, რომ ეს არის ეკოტურისტული, ბოლომდე არ ჯდება ეკოტურისტულ სტანდარტებში. მსგავსი პროექტის შემუშავებისას მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს შემეცნების კომპონენტი. ვიზიტორს, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე, უნდა შეეძლოს ტურისტული ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ გარემოს შემეცნება; უნდა იგებდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დაცული ტერიტორია. შესაბამისად, მარტო კოტეჯებით და ხიდების მოწყობით ამ შედეგს ვერ ვაღწევთ.
ყველაზე პოპულარულ ტურისტული ადგილებიდან გამოსულ ვიზიტორს რომ ვკითხოთ, ამ მოგზაურობის შედეგად რა გაიგო დაცულ ტერიტორიაზე, რატომ არის ღირებული, როგორია მისი ბიომრავალფეროვნება, ამაზე პასუხი არ ექნება იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა ძირითადად აგებულია სათავგადასავლო მიმართულებაზე, მძაფრ შეგრძნებებზე, პეიზაჟებით ტკბობაზე და ნაკლებად არის წამოწეული შემეცნება,“ - აღნიშნავს ოქრომელიძე.
საქართველოს გააჩნია ეკოტურისტული განვითარების სტრატეგია 2020-2030, რომლის მიხედვითაც, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობამდე უნდა განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. როგორც ოქრომელიძე აღნიშნავს, პროექტის შემუშავებისას სათანადოდ არ ხორციელდება როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტული სექტორისა თუ სხვა დაინტერესებული მხარის ჩართვა და დიალოგი.
„ეს იწვევს კონფლიქტს ადგილობრივ თემთან იმიტომ, რომ პოსტ ფაქტუმ იგებს ინფორმაციას დაგეგმილი პროექტის შესახებ, მათ შორის ეს ეხება ტურიზმში ჩართულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. ეს რომ გამოირიცხოს აუცილებელია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული. ეს პრობლემა იყო ბირთვისშიც, ბალდაშიც და ა.შ.
ბირთვისთან დაკავშირებით არ ყოფილა ჩვენს ასოციაციასთან კომუნიკაცია, როგორც ვიცი ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ ახლა გახმაურდა, როცა რაღაც ეტაპზეა მშენებლობა. იმ ეტაპზე არანაირად არ ვყოფილვართ ჩართული და არ ვიცოდით რომ, მსგავსი რამ იგეგმებოდა,“ - განაცხადა ილია ოქრომელიძემ.
ცნობისთვის, ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს) დაკიდებულ ხიდებს (არანაკლებ 2 ერთეული), საფეხმავლო ბილიკებს (არანაკლებ 3 კმ.), საქანელას, კედელზე საცოც ატრაქციას, კოტეჯებს (არანაკლებ 4 ერთეული) და კვების ობიექტს, 3 წლის ვადაში უნდა მოეწყოს. ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, ტბისიდან ბირთვისის ციხისკენ მიმავალ მარშრუტს არ ეხება. ახალი ბილიკების მოწესრიგება დაიწყო სოფელი ამლევიდან. სწორედ ამლევის მიმდებარედ უნდა უზრუნველყოს კომპანია „ეკო ტურმა“ ბუნების ძეგლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის საფეხმავლო ბილიკის მოწყობა.
იხილეთ ასევე: როგორი იქნება ინფრასტრუქტურა, რომლის მოწყობაც ბირთვისის ციხესთან იგეგმება (+ფოტო)