ირაკლი კობახიძე - 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა

2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება.

„ცალკე უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული სექტორის წვლილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. 2016 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მას შემდეგ განხორციელდა მრავალი რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ამ დარგში ევროკავშირის კანონმდებლობას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს მთელ გუნდს, პირადად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ ბატონ ლევან დავითაშვილს დარგის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის და ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ის წინსვლა, რომელიც ენერგეტიკის სექტორმა ამ წლებში განიცადა, არის დარგის თითოეული სპეციალისტის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პროფესიონალს, რომელსაც შეგაქვთ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადობის უზრუნველყოფაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.