2030 წლისთვის ელექტროენერგიის ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა უნდა ვიყოთ - ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა უნდა იყოს.

როგორც მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარებას გენერაცია უნდა აჭარბებდეს.

„2030 წლისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა, გენერაცია უნდა აჭარბებდეს მოხმარებას. ჩვენ გვესმის, რომ მოხმარება არ არის მუდმივი - ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან და მაღალ ტემპებთან ერთად, გვეზრდება ენერგომოხმარება და ამ გაზრდილ მოთხოვნას აქტიური და თანმიმდევრული პოლიტიკით უნდა ვუპასუხოთ.

საქართველოში ყოველწლიურად იზრდება გენერაციის ობიექტების რაოდენობა, იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა. ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამით არამარტო ენერგეტიკის სექტორს ვაძლიერებთ, არამედ ვქმნით საფუძველს იმისა, რომ ქვეყნის მომავალი და ეკონომიკური წინსვლა იყოს მდგარი,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივად წარმოებული 48.6 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. გასული წლის იმავე პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე გასულია 77.4 მილიონი დოლარის დენი. მონაცემების მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტი 37%-ით შემცირდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 3.56 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, მაშინ როცა გასულ წელს იმპორტიორებული იყო მხოლოდ 810 ათასი დოლარის ღირებულების დენო. მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი 339%-ით გაიზარდა.

მერი ტაბატაძე