"არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლაც კეთილ საქმეს აკეთებენ, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინანსებთ"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და არა სხვის.

კალაძემ ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლაც კეთილ საქმეს აკეთებენ, რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინანსებთ. გუშინ პრემიერმა ძალიან ვრცელად ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ის შანტაჟი, რომელიც უცხოეთიდან მოდიოდა ამ ორგანიზაციების მიმართულებით, რომ აი, თქვენ თუ დარეგისტრირდებით, ჩვენ არ დაგაფინანსებთ, ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ვისაც მართლა სურვილი აქვს, რომ კარგი საქმე აკეთოს ამ ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ემსახუროს ამ ქვეყანას და არა ვიღაც სხვას, გაატაროს არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესები, არამედ გაატაროს მისი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერები, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.