ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს, - ამის შესახებ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ განაცხადა, რომელმაც სააგენტოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც პერტაიამ აღნიშნა, საინვესტიციო სააგენტოს, მთავრობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადასვლასთან ერთად ფუნქციები ეზრდება. კერძოდ, სააგენტო ყოველი 6 თვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს მთავრობას წარუდგენს. ასევე საინვესტიციო სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული ფუქნციის განხორციელებისას სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის მასალები ან ინფორმაცია და მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე მთავრობას, ან ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაცია წარუდგინოს.

გარდა ამისა, პერტაიას თქმით, სააგენტოს ფუნქციაში შედის ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და შესაბამისი საინფორმაციო ბანკის შექმნა.  როგორც გიორგი პერტაიამ აღნიშნა, საინვესტიციო სააგენტოს დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ colliers international specialist and consultingUK LLP-მა გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საკურორტო ზონის განვითარების მიზანშეწონილობისა და საინვესტიციო პოტენციალის კვლევა ჩაატარა.

ასევე, სააგენტოს დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია KPMG-მ საქართველოში ქიმიურ სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალის კვლევა ჩაატარა. მისივე თქმით, საინვესტიციო სააგენტომ ახლახანს ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის კვლევაზე კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანია დადგინდეს საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორის ყველაზე მიმზიდველი სეგმენტების გამოვლენა. როგორც გიორგი პერტაიამ აღნიშნა, საინვესტიციო სააგენტომ უახლოეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განახლებული ვებგვერდი შეიმუშავა.  კითხვაზე - ხომ არ მოხდება მისი და ბიზნესომბუდსმენის ფუნქციების გადაკვეთა, პერტაიამ განმარტა, რომ საინვესტიციო სააგენტოს აქვს უფლება კონკრეტული საქმეები აიღოს და გადასაწყვეტად წაიღოს.

"ასეთ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს საქმის შესასწავლად მინიმუმ ერთი თვე დასჭირდებოდა. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ მან არასწორი პოზიცია არ დაიჭიროს, რადგან ბიზნესომბუსმდენის პოზიცია ძალიან სახიფათოა. ერთი პატარა შეცდომაც იძლევა ომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯის შელახვას. ასევე ძალიან დიდი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცადა პერტაიამ. მისივე თქმით, სისტემურ პრობლემებს, რომელიც საკანონმდებლო მუშაობას მოითხოვს, ბიზნესომბუდსმენი გადაწყვეტს, ხოლო კონკრეტულ საქმეებს საინვესტიციო სააგენტო განიხილავს.