ქვეშეთი-კობის მაგისტრალიდან გუდაურამდე ახალი გზა გაიჭრება

ქვეშეთი-კობის მაგისტრალიდან, რომლის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს, გუდაურამდე ახალი გზა გაიჭრება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განუმარტეს, აღნიშნული მაგისტრალიდან, ერთ-ერთი გვირაბის შემდგომ, 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც გუდაურისკენ მიემართება.

უფრო დეტალურ ინფორმაციას, თუ როდის დაიწყება გზის გაჭრა და კონკრეტულად რა ლოკაციაზე გაივლის - „ბიზნესპრესნიუსი“ მოგვიანებით, სამინისტროდან შესაბამისი მონაცემების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. კერძოდ, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას მოიცავს, ასევე, 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტის შედეგად, ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 სთ-ის ნაცვლად,15 წთ-ი დასჭირდება.

ნინი ქეთელაური