საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. პრემიერის განცხადებით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე უცხოური დონორებისგან იღებდნენ.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ IDFI-ის იურისტმა, მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა განაცხადა, ამ შემთხვევაში რისკი ინტერესთა კონფლიქტი და დამოუკიდებლობაა, რადგან არასამთავრობოების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბიუჯეტის მართვის კონტროლია და აუცილებელია, რომ არ იყო ბიუჯეტზე დამოკიდებული.
„საბოლოოდ ეს გამოიწვევს იმას, რომ მთელი არასამთავრობო სექტორი მთლიანად ხდება დამოკიდებული მთავრობაზე, რომელიც უნდა აკონტროლოს. გაიზრდება თუ არა ასეთი არასამთავრობოების რიცხვი, ჯერ არ ვიცი, უფრო ვფიქრობ, რომ არა. ვინც არ გეგმავდა რეგისტრაციას, ისედაც არ დარეგისტრირდება, რადგან ამ ბაზაში რეგისტრაცია ძალიან ბევრი პრობლემის შემქმნელია, მათ შორის ფინანსური,“ - აღნიშნა იურისტმა.
მისი თქმით, მას დარჩა ისეთი განცდა, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არ აპირებენ რუსული კანონის დამორჩილებას.
„საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დროს, როდესაც იუსტიციის სამინისტროდან იყვნენ წარმომადგენლები მოსული, დამრჩა განცდა, რომ ჩვენსავით არც ისინი აპირებენ დაემორჩილონ ამ კანონს. აქედან გამომდინარე, მისი აღსრულება არ არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, მათ შორის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. კანონი მათ კარგად იციან, მექანიზმებიც აქვთ, მაგრამ იციან, რომ მათი ბოლომდე გამოყენება მკაცრად პოლიტიზირებულ საკითხთან არის დაკავშირებული და ერიდებიან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას,“ - განაცხადა გიორგი დავითურმა.