„ტურისტების სიმრავლე იმედია, ფასებზეც აისახება - რიგი სასტუმროების ღირებულება 50-70%-ით არის  შემცირებული“

„ბაკურიანის ისევე, როგორც ბათუმის ტურისტული სეზონი წელს თითქმის შარშანდელს გაუთანაბრდა,“ - ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში შეაფასა.

მისი თქმით, ბათუმის შარშანდელი ტურისტული სეზონი საუკეთესო იყო, ხოლო წელს ამ მაჩვენებლამდე სექტორი უკვე თითქმის მისულია.

„რაც შეეხება თბილისს, აპრილის ბოლომდე, ჯავშნების 35%-იანი მატება იყო, მაისი-ივნისის ნახევარი ჩავარდა და -40% შეადგინა. ივნისმა მოახერხა ამ ჩავარდნის ამოვსება და ივლისსა და აგვისტოში 25%-იანი მატება გვქონდა წლიურ ჭრილში. საერთო ჯამში, იანვარი-აგვისტოს მონაცემები რომ ავიღოთ, ჯამში 4%-იანი მატება გვაქვს. რაც შეეხება კახეთს, აქ შედარებით ნაკლები მატება გვაქვს, ვიდრე სხვა რეგიონებში,“ - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, წელს ტურისტების ძირითადი ნაწილი ისრაელიდან და ე.წ. გალფის ქვეყნებიდან შემოვიდა.

„ამ პერიოდში აქტიურად შემოდიოდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც. რაც შეეხება ევროპას, აღმოსავლეთ ევროპიდან შედარებით მეტი, დასავლეთ ევროპიდან კი შედარებით ნაკლები ტურისტები იყვნენ,“ - აღნიშნა მან.

შალვა ალავერდაშვილმა ფასებზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის სასტუმროებში ფასები საკმაოდ დაბალია.

„იმედი მაქვს, რომ ტურისტების სიმრავლე ფასებზეც აისახება, რადგან ამ ეტაპზე, დედაქალაქში სასტუმროებში საკმაოდ დაბალი ფასებია. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი გაყოფილია ორ ნაწილად: გვყავს 5-ვარსკვლავიანი სეგმენტი და 3-ვარსკვლავიანი სეგმენტი, 4-ვარსკვლავიანი სეგმენტი უმცირესი პროცენტით გვყავს და ისინიც 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასებით სარგებლობენ.

2016-2017 წლებთან შედარებით, 3 და 4-ვარსკვალიანი სასტუმროების ღირებულება 50-70%-ით ნაკლებია, რაც შეეხება ხარჯებს, ამავე პერიოდთან შედარებით, ის გაზრდილია 80%-ით, ხოლო სასტუმროს მოგების კოეფიციენტი 50-70%-ით არის შემცირებული. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია სწორედ 2017 წელი, როდესაც სასტუმროს ბიზნესმა ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო წლიურ ჭრილში,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი