„ქარხნებში ყურძნის მიღების შეყოვნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ პროდუქტის სიჭარბეა,“ - როგორც მევენახე ლაშა ხიზანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, ქარხნების მიერ შეთავაზებული ფასი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს.
ცნობისთვის, მეორე დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა მევენახეების ინფორმაცია, რომ რიგ ქარხნებში საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარების პრობლემა შეემქნათ. ლაშა ხიზანიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს რომ პრობლემა ამ ეტაპზე მხოლოდ საფერავის ჯიშს აქვს. რქაწითელის ჩაბარება მისი თქმით, ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ დაბალი ფასია.
„დათბა და ძალიან ბევრგან რთველი ერთდროულად დაიწყო, ამიტომ დაგროვდა ერთდროულად ბევრი საფერავი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და რეალურად უცნობია, რატომ მოხდა ყურძნის მიღების შეჩერება ქარხნების მხრიდან.
„ზოგადადაც, წელს მოსავალი საკმაოდ ჭარბია და ქარხნები ვერ აუდიან მიღებას. ფერმერები ამის გამო გაუგებრობაში არიან, არ იციან როგორ მოიქცნენ. ფასი, რაც არის შეთავაზებული, ფაქტობრივად, თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან ყურძნის მოყვანისთვის საჭირო პრეპარატები წლიდან წლამდე ძვირდება,“ - აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მევენახე ლაშა ხიზანიშვილი.
ამასთან, როგორც ფერმერმა აღნიშნა, წლევანდელი მოსავალი უმეტესწილად კარგი ხარისხისაა, შიგადაშიგ მომხდარ სეტყვას თუ არ ჩავთვლით, რომელმაც ზოგიერთ ფერმერს მოსავალი დაუზიანა.