არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვაშლის მოსავლის აღების პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად. შტაბი, რომელიც გავხსენით, ამ პროცესს წარმართავს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, არც ერთი კილოგრამი ვაშლი არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე. საწარმოები, რომლებიც ამ ნედლეულისგან აწარმოებენ პროდუქციას - ვაშლის კონცენტრატს, ზრდიან ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ხორციელდება ჩვენს სტრატეგიულ ბაზარზე - ევროკავშირში. სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას; ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული ვაშლის ბაღების რაოდენობა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ მოვუწოდებთ ფერმერებს, გამოიყენონ შემოთავაზებები, სახელმწიფო პროგრამების სახით, რითაც გააუმჯობესებენ ხარისხს და გაზრდიან მოსავლიანობას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულია, შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი საბრუნავი საშუალებებისთვის ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ინტენსიურ ბაღიც დაათვალიერა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „ბიოჯუსი“ არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, ფერმერმა ტარიელ მუნჯიშვილმა სახელმწიფოს პროგრამების ფარგლებში 3 ჰა-ზე ვაშლის ბაღი გააშენა, რისთვისაც სახელმწიფოსგან გრანტის სახით 30,000 ლარი მიიღო. ფერმერი წელს მისი ბაღიდან 60 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება.

კომპანია „ბიოჯუსი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული. ხილის გადამმუშავებელი საწარმო სარგებლობს სახელმწიფოს დახმარებით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში მიღებული აქვს 9 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხი. კომპანიას დღიურად 150 ტონა ვაშლის მიღება - გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, საწარმოში სეზონურად 30 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებიდან მიღებული კონცენტრატის ექსპორტს გერმანიაში ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.