ჯარიმა 86.2 ათასი ლარი - ვის ეკუთვნის კომპანია, რომელსაც სებ-მა  ფულადი სანქცია რამდენიმე დარღვევისთვის დააკისრა

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი+“ ჯამში 86 200 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ არასწორად წარდგენის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მას არ გააჩნია მისოს პოლიტიკის მიხედვით რისკის ავტომატურად მინიჭების სრულყოფილი სისტემა, დაკავშირებული, უჩვეულო გარიგებებისა და საეჭვო გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა, ასევე არ ახდენს პირების (კონტრაჰენტების) გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, „კრედიტსერვის +“-ი დაჯარიმდა შემდეგი დარვევევისთვის:

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენის 2 შემთხვევისთვის, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ 2 დარღვევაზე სულ - 200 ლარით.

საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობის 2 შემთხვევისთვის, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 10 000 ლარს.

მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 17 ფაქტისთვის, რის გამოც ჯამში, 34 000 ლარით დაჯარიმდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 კლიენტთან მიმართებაში რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული. აღნიშნულისთვის ორგანიზაცია – 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 14 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ -14 000 ლარით.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, საერთო ჯამში „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“ დაჯარიმდა - 86 200 ლარის ოდენობით.

ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2022 წლის მდგომარეობით, „კრედიტსერვის+“-ის დამფუძნებლებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები. უფრო კონკრეტულად, 32.68%-ს ფლობს გურამ კანდელაკი, 16.96%-ს თამარ კანდელაკი, 7.98%-ს ნაზიკო კანდელაკი, 4.99%-ს კი გიორგი მამადაშვილი.

ნინი ქეთელაური