საქართველოსა და ისლანდიას შორის ფრენები დაიწყება. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ვკითხულობთ - „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას“.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რა ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს ქვეყნებს შორის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს ორი კვარტლის მონაცემებით, შარშან იგივე პერიოდთან შედარებით, ისლანდიიდან ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 3.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოს ისლანდიის 207 მოქალაქე ეწვია, გასული წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 200.
რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, წელს იანვარ-ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ისლანდიიდან საქართველოში იმპორტი 70%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2027 წლის 7 თვეში ქვეყნიდან 2.869 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 1.684 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ისლანდიაში ექსპორტი არ განხორციელებულა. წინა წლის 7 თვეში კი, უმნიშვნელო, 8 900 აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.
რა შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, წელს, იანვარ-ივნისში ისლანდიიდან საქართველოში 64 600 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.