საბერძნეთში საკრუიზო ტურისტები 20-ევროიან გადასახადს გადაიხდიან

საბერძნეთის ხელისუფლებამ, რომელმაც ივნისში დაანონსა, რომ ყველაზე პოპულარულ კუნძულებზე, სანტორინისა და მიკონოსზე საკრუიზო გემების რაოდენობას შეზღუდავდა, ამჯერად გადაწყვიტა, ამ გემების მგზავრებზე 20-ევროიანი გადასახადი დააწესოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საკრუიზო ტურისტებზე დამატებითი გადასახადის შემოღება ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ნაწილია და მხოლოდ ზაფხულის პიკურ სეზონზე იმოქმედებს.

Reuters-ის შეფასებით, საბერძნეთის ეკონომიკა დიდწილად ტურიზმს ეყრდნობა, მაგრამ მის ყველაზე პოპულარულ ზოგიერთ მიმართულებას, მათ შორის, იდილიურ კუნძულ სანტორინის, თავისი უცნაური სოფლებითა და ხელუხლებელი პლაჟებით, ჭარბი ტურიზმით განადგურება ემუქრება.

ამ ვითარებას სანტორინიში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც ქვეყნის ხელისუფლებამ საკითხის მოგვარება გადაწყვიტა. თუმცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ჭარბი ტურიზმი პრობლემას მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაზე წარმოადგენს.

„საბერძნეთს არ აქვს ჭარბი ტურიზმის სტრუქტურული პრობლემა. ეს მხოლოდ მის ზოგიერთ მიმართულებაზე წელიწადის გარკვეულ კვირებსა და თვეებში ფიქსირდება, რაც მოსაგვარებელია,“ - განმარტავს პრემიერი.

მისი თქმით, საკრუიზო გადასახადიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ადგილობრივ თემებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის დაუბრუნდება. მთავრობა, ასევე, გეგმავს, საკრუიზო გემების რაოდენობა დაარეგულიროს, რომლებიც გარკვეულ მიმართულებებზე ერთდროულად მოძრაობენ.

ამასთან, ახალი წესები გარემოს დაცვისა და კუნძულებზე წყლის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად დაწესდება.

მიცოტაკისის განცხადებით, საბერძნეთს, ასევე, სურს, მოკლევადიან გაქირავებაზე გადასახადი გაზარდოს, ხოლო ათენის ცენტრში ასეთი გაქირავებისთვის ახალი ლიცენზიები აკრძალოს, რომ მუდმივი მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი ფონდი გაიზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ