„არცერთი ფერმერი ისე არ დარჩება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
ცნობისთვის, მევანხეებისგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახეთის ზოგიერთ რეგიონში, რიგმა ქარხნებმა საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება შეწყვიტეს. ამის სავარაუდოდ მიზეზად კი ჭარბ მოსავალს ასახელებენ.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამ თემაზე საუბრისას განგვიცხადეს, პიკური პერიოდის გამო, საფერავის ჩაბარებაზე დიდი რიგებია, თუმცა, არცერთი ფერმერი ჩაბარების გარეშე არ დარჩება.
„პიკური პერიოდია და გასაკვირი არ არის, რომ დიდი რიგებია. საფერავის ჩაბარება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ წელს დიდი მოსავალია შარშანდელთან შედარებით, როდესაც სეტყვამ ყურძნის დიდი ნაწილი გაანადგურა.
თითოეულ მანქანას, სრული მომსახურების მისაღებად, 30-40 წუთი სჭირდება, მოსავალი საკმაოდ დიდია, ამიტომ რიგები გასაკვირი არ არის. არცერთი ფერმერი ისე არ დარჩება,“ - განაცხადეს სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად გადამუშავებულია 29.3 ათასი ტონა საფერავი, ხოლო რქაწითელი 31.5 ათასი ტონა. საპროგნოზო მოსავალი წელს არის რეკორდული - 300 ათასი ტონა. დღეღამურმა გადამუშავებამ კი 10 ათას ტონას გადააჭარბა.
იხილეთ ასევე: „რიგ ქარხნებში საფერავის მიღება შეწყდა, ერთ-ერთი მიზეზი მისი სიჭარბეა - ფასი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს“