ჩინური BYD ავტომობილების გაყიდვებით Ford-ს გაუტოლდება

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი, BYD წელს დაგეგმილზე 11%-ით მეტ, ანუ 4 მლნ ავტომობილის გაყიდვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ Morgan Stanley-ის ანგარიშში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

ამ მიზნით BYD, თითქმის, გაუტოლდება Ford-ს, რომელიც შარშან 4.4 მლნ ავტომობილის გლობალური გაყიდვებით მეექვსე ადგილზე იყო.

ჩინურმა მწარმოებელმა აგვისტოში 373 083 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რითიც თავის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში BYD თვეში, დაახლოებით, 418 000 ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს, მაშინ, როცა მანამდე წლის ბოლომდე 3.6 მლნ ერთეულის გაყიდვას გეგმავდა, რაც, 2023 წელთან შედარებით, 20%-ით მეტია.

BYD გაყიდვების ზრდას ბაზარზე ჰიბრიდული ტექნოლოგია DM-i 5.0-ის მქონე ახალი მოდელების გამოშვებას უკავშირებს, რაც ასევე, მარჟის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

Morgan Stanley-ის ანგარიშში წერია, რომ ასეთ მოდელებზე, მათ შორის, Qin L-სა და Seal 06 DM-i-ზე შეკვეთებმა, რომელთა ფასიც 14 019 დოლარიდან იწყება, BYD-ის საწარმოო სიმძლავრეს გადააჭარბა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 ივლისის მდგომარეობით, Tesla-მ ჩინურ BYD-ს გადაუსწრო და ელექტრომობილების გაყიდვებში გლობალური ლიდერობა შეინარჩუნა. ამასთან, 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ BYD ევროპაში თავის ბიზნესს აფართოვებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ