„პრივატიზაციის პროცესში გამოწვევები ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებს არსებული პრივატიზაციის პროცესი არ პასუხობს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში არსებული გამოწვევები განპირობებულია რამდენიმე მიზეზით, კერძოდ: გასაყიდად არ გამოდის საინვესტიციოდ მიმზიდველი აქტივები, ქონება ვალდებულებებით იყიდება და ბიუროკრატიული პროცესები, რაც ეკონომიკურის ნაცვლად, პოლიტიკურ გადაწყვეტას ემყარება.
„პრივატიზაციის პროცესში გამოწვევები ბევრია, მაგრამ ამ გამოწვევებს არსებული პრივატიზაციის პროცესი არ პასუხობს არამარტო ამ მთავრობის პირობებში, არამედ წინა მთავრობის პირობებში და რაც დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, მთელი დარღვევებით მიდის. ახლანდელი მდგომარეობა რომ შევაფასოთ რასაც აკეთებენ პრივატიზების ნაწილში, გეგმა გასაგებია, შეიძლება გეგმას გადააჭარბონ კიდეც, მაგრამ ერთია რა ქონებაც გვაქვს და რა გამოაქვთ. რაც გამოაქვთ საპრივატიზაციოდ ეს ქონება არის ზღვაში წვეთი.
რეალურად ის ეკონომოკური აქტივები, რაც მოქალაქეებს, ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფოს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, ჯერ კიდევ გაჩერებულია. მთლიანი ეკონომიკური აქტივების დაახლოებით 70-80% არის გაჩერებული, ისინი მთავრობის ბალანსზეა და გასაყიდად არ გამოაქვს. 200 მილიონი და მეტის საპრივატიზაციო გეგმას რასაც დებენ, ეს ძალიან მცირეა და იმ მცირეს პრივატიზებასაც კი ვერ ახერხებენ.
ასეთი ტემპით რომ გავაგრძელოთ, 100-150 და მეტი წელი დაგვჭირდება, რომ დასრულდეს პრივატიზების პროცესი. რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არანაირად არ პასუხობს გამოწვევებს, რის წინაშეც ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანა დგას,“ - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.