„შევზღუდოთ დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაზიარება!“ - რა უნდა გაითვალისწინოთ სანამ ბავშვების ფოტოებს საჯაროდ განათავსებთ

სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. სკოლის პირველი დღე, გარდა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისა, მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც, შესაბამისად, ხშირად, სოციალურ ქსელში ამ დღის ამსახველ უამრავ ფოტოს ათავსებენ. ბავშვების ფოტოების საჯაროდ გავრცელებასთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაფრთხილებას და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცეს.

სააგენტო განმარტავს, რომ ბავშვებს, სრულწლოვანი პირების მსგავსად, ციფრულ გარემოში პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება აქვთ, რასაც პატივი უნდა სცეს ყველამ, მათ შორის, ბავშვის მშობლებმა ან/და კანონიერმა წარმომადგენლებმა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და სასწავლო დაწესებულებებისთვის. შესაბამისად, ამ პერიოდში სოციალურ ქსელებში ბავშვების უამრავი ფოტო ვრცელდება. აღნიშნულს უმეტეს შემთხვევებში თან ახლავს აღწერილობები, რომელიც შეიცავს მოსწავლის შესახებ ინფორმაციას (მაგალითად, სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, კლასი და სხვა.) სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოსურათების გამოქვეყნებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათი პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას,“ - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყება განმარტავს, ფოტოსურათი, სადაც ბავშვია გამოსახული, მისი პერსონალური მონაცემია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ფოტოს გაზიარებამდე არასრულწლოვანის მოსაზრება იყოს გათვალისწინებული. ხოლო, თუ ბავშვები მათი ფოტოსურათების სოციალურ მედიაში გაზიარებაზე არ არიან თანახმა - არ უნდა გამოვაქვეყნოთ ისინი.

ამასთან, თუ ფოტოს გადაღება ხდება სკოლის წარმომადგენლების მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, როგორც გადაღებაზე ისე გასაჯაროებაზე.

„ შევზღუდოთ დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაზიარება. ფოტოსურათის გადაღებისას და მის გაზიარებამდე რეკომენდებულია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

  • ჩანს თუ არა ფოტოზე ისეთი რამ, რაც იმაზე მეტ ინფორმაციას გასცემს ბავშვის შესახებ, ვიდრე გვსურს? მაგალითად: სკოლის უნიფორმა ან მისი ლოგო, რომელიც მიანიშნებს ბავშვის სასწავლო დაწესებულებაზე;
  • მონიშნულია თუ არა სურათზე სასწავლო დაწესებულება, სადაც ბავშვი სწავლობს;
  • ფოტოს გადაღების ადგილი: შესაძლოა ფოტო გადაღებული იყოს სახლის ან ეზოს კარის წინ, სადაც ჩანს ბავშვის სახლის მისამართი, ან გეოგრაფიული მდებარეობა;
  • თუ ფოტო სკოლის ტერიტორიაზე გადავიღეთ, ჩანს თუ არა სკოლის სახელწოდება, ნომერი ან მისამართი; პირთა წრე, ვინც ნახავს ფოტოსურათებს ფოტოს გასაჯაროებამდე რეკომენდებულია წინასწარ განვსაზღვროთ აუდიტორია, ვისთვისაც ის ხელმისაწვდომი გახდება,“- აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
ნინი ქეთელაური