რუსულმა სახელმწიფო ჰოლდინგმა, InterRAO-მ, ჩინეთში მიწოდების დაცემის გამო, ელექტროენერგიის ექსპორტი შესაძლოა, 35%-ით, დაახლოებით, 7 მლრდ კილოვატ საათამდე შეამციროს. ამის შესახებ ჰოლდინგის ტოპ-მენეჯერმა ალექსანდრა პანინამ განაცხადა, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.
ცნობისთვის, InterRAO რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის მონოპოლიური ოპერატორი და ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V-ის დამფუძნებელიცაა, რომელიც, თავის მხრივ, კომპანია „თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.108%) ფლობს. დანარჩენ 24.529%-ს შპს „ბეტს ენერჯი გრუპი,“ ხოლო 0.363%-ს სხვა აქციონერები ფლობენ.
InterRAO-მ ელექტროენერგიის ექსპორტზე თავისი პროგნოზი გააუარესა. მანამდე ჰოლდინგი ექსპორტს 8 მლრდ კილოვატ საათის მოცულობით პროგნოზირებდა.
პანინას მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში InterRAO გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 35%-ით ჩამორჩება. მთავარი მიზეზი ჩინეთში ექსპორტის შემცირებაა, რაც წლის დასაწყისიდან, დაახლოებით, 80%-ით დაეცა. პანინა ამბობს, რომ ჩინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, შესაძლოა, სამჯერ, დაახლოებით, 1 მლრდ კილოვატ საათამდე დაეცეს.
მთლიანობაში, InterRAO-მ წლის პირველ ნახევარში ექსპორტი, წლიური თვალსაზრისით, 31,1%-ით, 3,5 მლრდ კილოვატ საათამდე შეამცირა, ხოლო წლის ბოლომდე მენეჯმენტი 8 მლრდ კილოვატ საათამდე შემცირებას მოელის.
გასულ წელსაც InterRAO-მ ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 13.6 მლრდ კილოვატ საათიდან 21,3%-ით, 10.7 მლრდ კილოვატ საათამდე შეამცირა, რისი მიზეზიც დასავლეთის სანქციების გამო ევროკავშირში მიწოდების შეწყვეტა და აღმოსავლეთის ბაზარზე გადასვლაა.
ჩინეთში ექსპორტი 2022 წლის რეკორდული 4.6 მლრდ კილოვატ საათიდან 2023 წელს 3.1 მლრდ კილოვატ საათამდე დაეცა.
2023 წელს რუსული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მიმღები ყაზახეთი იყო, რომელსაც InterRAO-მ 4.7 მლრდ კილოვატ საათის ელექტროენერგია მიაწოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ