თერჯოლაში მცხოვრები 1600 ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. მისი დასრულების შედეგად თერჯოლაში მცხოვრები 1600 ოჯახი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.  სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე მისი მიწოდების გრაფიკი.

პროექტის ფარგლებში მოხდება გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 29 კმ. სამუშაოები 2016 წელს დასრულდება.