თბილისში „ქართული ღვინის ფესტივალი 2024“ გაიმართება - სიახლეები და შეთავაზებები ბიზნესს

ტრადიცია გრძელდება - მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს თბილისი „ქართული ღვინის ფესტივალს“ უმასპინძლებს. ღონისძიება სიონის ქუჩაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები, მცირე საოჯახო მარნები, ადგილობრივი ბიოპროდუქციის მწარმოებლები და პოლიგრაფიული საწარმოები.

სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სომელიესთან. 2024 წლის ღვინის ფესტივალი გამორჩეული იქნება სიახლეებითაც, რომელთა ნაწილსაც სტუმრები ადგილზე შეიტყობენ. მათ შორის იქნება გათამაშებაც და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. როგორც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი და ღონისძიების თანაორგანიზატორი მარიამ გიორგაძე განმარტავს, როგორც მონაწილეები, ისე სტუმრები ფესტივალზე დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, აღმოაჩენენ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს, დააგემოვნებენ უგემრიელეს ნუგბარს და ქართული ჰანგებით დატკბებიან:

„ყოველწლიურად ვცდილობთ სიახლეები შევთავაზოთ როგორც მონაწილეებს ასევე მოსულ სტუმრებს. ღვინის ფესტივალზე ყოველთვის აღმოაჩენთ რაღაც განსხვავებულს, რაც ჩვენი ერთ-ერთი ნიშაა. მაგალითად, გასულ წელს პირველად იყო წარმოდგენილი ბროწეულის ღვინო, რომელმაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

ss-1726135077.jpg

ასევე, პირველად მოეწყო სომელიეს მასტერკლასი, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ სომელიესთან შეხვედრა ჩვენს წლევანდელ პროგრამაშიც იქნება, ოღონდ განსხვავებული ფორმატით“, - განმარტა მარიამ გიორგაძემ.

aaa-1726135131.jpg

აღსანიშნავია, რომ ღვინისა თუ სხვა ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებთან და ფოლკლორულ ანსამბლებთან თუ ინდივიდუალურ შემსრულებლებთან მოლაპარაკებების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს:

„ქართული ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იმართება. იმის გათვალისწინებით, რომ ის ყოველწლიურად თბილისში, სიონის ქუჩაზე ტარდება, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი დაკვირვებით, სტუმრების 70% სწორედ ისინი არიან. ფესტივალში მონაწილეობა 50-60 კომპანიას შეუძლია. ჩვენ ვაგრძელებთ განაცხადების მიღებას და ვიწვევთ როგორც მეწარმეებს, ისე ფოლკლორულ ჯგუფებსა და ანსამბლებს, ჩაერთონ შემოდგომის მთავარ ღონისძიებაში.

111-1726135169.jpg

ბიზნესისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ წელს ვთანამშრომლობთ რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან, რომლებიც ტურის ფარგლებში ფესტივალზე დასასწრებად მოიყვანენ ტურისტებსაც. გარდა ამისა, ფესტივალი ძალიან კარგი ადგილია იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი კონტაქტები დაამყაროს მაგალითად პოლიგრაფიულ კომპანიებთან, ღვინის აქსესუარებისა თუ პროდუქტის შეფუთვების მწარმოებლებთან. ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსხვილი სარეკლამო კომპანია, რომელიც ღვინის ეტიკეტების დიზაინისა და ბეჭდვის მიმართულებით უკონკურენტოა საქართველოს ბაზარზე. ასევე, წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ლოგისტიკური კომპანია, რომელიც კონსულტაციას გაუწევს პროდუქციის ექსპორტითა თუ იმპორტით დაინტერესებულ მეწარმეებს“, - განმარტა მარიამ გიორგაძემ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ღვინის ფესტივალს“ ყოველთვის კარგი მედია მხარდაჭერა აქვს, პრომოციის თვალსაზრისით ეს ბიზნესისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება. ფესტივალში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს შეუძლიათ, შეავსონ რეგისტრაციის ფორმა და ჩაერთონ სეზონის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში.

(R)