„გუდაურში არის ტრაილერების მუდმივი სიარულის პრობლემა - გამალებული ვაჭრობა მიდის ჩვენსა და რუსეთს შორის“

ქვეშეთი-კობის მაგისტრალიდან, რომლის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს, გუდაურამდე ახალი გზა გაიჭრება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განუმარტეს, აღნიშნული მაგისტრალიდან, ერთ-ერთი გვირაბის შემდგომ, 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც გუდაურისკენ მიემართება.

„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ გუდაურში წამსვლელი ტურისტებისთვის გზა და ტრაილერების საცობები მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, შესაბამისად, ახალი გზა ამ საკითხს მოაგვარებს.

თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერი გზა, რომელიც გვაახლოებს რუსეთს, მიუღებელია და ის პრობლემაც, რაც ამ გზაზე იქმნებოდა, სწორედ ქვეყნებს შორის გამალებული ვაჭრობის შედეგია.

“ამ პროექტის ტექნიკური მახასიათებლები არ მინახავს, მაგრამ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი მისი განხორციელების. ნებისმიერი გზა, რომელიც გვაახლოებს რუსეთს, მიუღებელია და არ უნდა არსებობდეს საერთოდ. ეს გამოიწვევს ყველანაირი, სავაჭრო და ეკონომიკური დამოკიდებულების კიდევ უფრო მიბმას ჩვენ მტერ სახელმწიფოზე და აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი სტრატეგიული ინტერესებისთვის.

როგორც ცნობილია, ეს გზა ქვეშეთიდან კობის მიმართულებითაა და აქ ცალკე განშტოება უნდა იყოს, რომ გუდაურში გამოვიდეს. არ ვიცი, ეს როგორ არის შესაძლებელი. ზოგადად გუდაურში არის ტრაილერების მუდმივი სიარულის პრობლემა, რაც გამონაბოლქვის და საცობების პრობლემას ქმნის გზაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ გამალებული ვაჭრობა მიდის ჩვენსა და რუსეთს შორის. ადრე ამდენი მოძრაობა არ იყო ამ გზაზე, მაგრამ რადგან ეს გზა გაიჭრება ეს პრობლემა მოიხსნება გუდაურისთვის და იქ ასვლა აღარ იქნება სირთულე ტურისტებისთვის. თუმცა, ცალკე გზას გაჭრიან თუ არა გუდაურში, რა მოსატანია, როდესაც სტრატეგიულ ინტერესებზეა საუბარი“,- ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

ნინი ქეთელაური