ფოთის მერი - ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას

ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები.

უწყების ცნობითვე, დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ დაათვალიერეს.

„ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ ქალაქის სხვა უბნებშიც.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.