2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 3 729 635 ადამიანი ცხოვრობს

მოსახლეობის აღწერა არც ერთ ქვეყანაში 100%-იანი მოცვით არ ტარდება, ამ მხრივ ცდომილება დაახლოებით 2% შეიძლება იყოს, - ამის თაობაზე "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პარლამენტის წევრების მხრიდან ყველაზე მეტი შეკითხვა მოსახლეობის აღწერასთან და მის წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით დაისვა. როგორც მერი დაუშვილმა დეპუტატების საპასუხოდ განმარტა, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით დაფიქსირდა, რომ საქართველოში 3 729 635 ადამიანი ცხოვრობს. მისი თქმით, აქ იგულისხმება როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე არამოქალაქე პირი – ყველა ის, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე იყო და ყოფნას მომავალი 12 თვის განმავლობაში აპირებდა.

რაც შეეხება აღწერის იმ მონაცემებზე, რომლის მიხედვით რუსეთში 800 000 საქართველოდან წასული ემიგრანტია, დაუშვილის განცხადებით, ასეთი მონაცემები "საქსტატის" საიტზე არ დევს, რადგან ემიგრანტთა რაოდენობა ჯერ დათვლილი არ არის. "ჩვენ მხოლოდ წინასწარი მონაცემები გვაქვს დამუშავებული. რიცხვები არის მხოლოდ რეგიონალური ერთეულების ჭრილში. სხვა ამ ეტაპზე არა გვაქვს. ახლა მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების კომპიუტერში შეტანა, შემდეგომ მოხდება მათი დამუშავება და ყველა სხვა მონაცემი, რაც კითხვარის შედეგად შეიძლება გამოვიტანოთ, 2016 წლის აპრილში იქნება. აღწერაში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალია, ამას მათ კანონი ავალდებულებს, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმისთვის, რომ ვისაც აღწერაში მონაწილეობის სურვილი არა აქვს, მაინც მიიღოს მონაწილეობა. რასაკვირველია, იყო გამოტოვებული მისამართები, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე ყველა შემოსულ ზარზე ვახდენდით რეაგირებას, ხშირი იყო შემთხვევა, როცა მისამართზე რამდენჯერმე მიდიოდნენ, მაგრამ არავინ არ გვხვდებოდა", - განაცხადა მერი დაუშვილმა.